ლაგოდეხში ალტ ინფოსთან დაკავშირებული პარტიის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა- ფოტო
ლაგოდეხში ალტ ინფოსთან დაკავშირებული პარტიის ოფისთან, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია პარტიის ფუნქციონირება. ისინი მოითხოვენ, რომ კონსვერვატიულმა პარტიამ, ლაგოდეხში მუშაობა შეაჩეროს.
აქციის მონაწილეების თქმით, პარტია რუსულ ინტერესებს ატარებს და ქვეყანა რომელის რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მასთან დაკავშირებულ პარტიებს, არა თუ მუშაობის, არსებობის უფლება არ უნდა გქონდეს.
აქციის ორგანიზატორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სალომე ღონღაძეს თქმით, აქციის მიმდინარეობისას მათთან აღნიშნული პარტიის წარმომადგენელი მივიდა და მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
,,გავაპროტესტეთ აღნიშნული პარტიის მუშაობა ლაგოდეხში. ამ პარტიის წარმომადგენელი მცირეწლოვან შვილთან ერთად მოვიდა და ჩამოხია საქართველოს და უკრაინის დროშები და უშვერი სიტყვებით ლანძღა აქციის მონაწილეები. ამ აქციის მიზანი იყო ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული გზის დაცვა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მათ არ ეხებათ, ცდებიან. ეს ის მომენტია, როდესაც სიჩუმე და უმოქმედობა დანაშაულია. დასაკარგი დრო უბრალოდ არ გვაქვს ევროინტეგრაციის ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე. ამ ყველაფრის ფონზე დაუშვებელია რუსული დაჯგუფებების და ჩვენი მოძმე უკრაინის საერთო მტრის ფილიალების გახსნა ჩვენს ქალაქში. საქართველო იწყება ლაგოდეხიდან და ნუ დავუშვებთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია იწყებოდეს ამავე ქალაქიდან’’,- განუცხადა Knews.ge-ს სალომე ღონღაძემ.