ახალი ამბები

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 4 მარტის N221866 ბრძანების მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

I ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლები სკოლებში დოკუმენტების წარდგენას 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით შეძლებენ.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;

ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყონ.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი – 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.