გაძვირებული მგზავრობა და მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემები კახეთში
ბოლო რამდენიმე კვირაა საწვავზე ფასი ეტაპობრივად იმატებს, რამაც საქალაქთაშორისო და ასევე, კერძო ტაქსების მომსახურების გაძვირება გამოიწვია.
აქედან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, რომ მეტმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. უკვე მეორე კვირაა თელავში კერძო და კომპანიის ტაქსებით გადაადგილების საფასური 1 ლარით გაიზარდა. მძღოლების თქმით, მგზავრობის გაძვირების მიზეზი საწვავზე ფასის ზრდაა.
ისინი აღნიშნავენ, რომ ტაქსის კომპანიებმა რომლებიც 3 ლარად გადაადგილდებოდნენ, მგზავრობის გადასახადი 4 ლარი გახადეს. მათივე თქმით, იმ ტაქსის მძღოლებმა კი რომლებიც 4 ლარად მოძრაობდნენ, გადასახადი 5 ლარამდე გაზარდეს. საწვავზე ფასების დარეგულირების მოთხოვნით თელავში აქციაც გაიმართა. მძღოლებმა საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს და მთავრობას აღნიშნული საკითხით დაინტერესება და შესაბამისი დახმარება სთხოვეს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, ტაბლოებზე საწვავის მაღალი ნიშნული, სხვა პროდუქტების გაძვირებასაც იწვევს.
,,საწვავის ფასები გაიზარდა და ჩვენც ამას ვაპროტესტებთ. საწვავზე ფასების გაზრდა ნიშნავს ყველაფერზე ფასების ზრდას. მთავრობა კი იმიტომ გვყავს, რომ ასეთ დროს ადამიანებს, ჩვენ ამოგვიდგეს გვერდით. ასევე იყო მოთხოვნა დღგ-ს გადასახადის დაწევაზე და ამ მოთხოვნით აქცია გაიმართა სხვადასხვა ქალაქში და ჩვენ თელავიდან გვინდა მთავრობას ხმა მივაწვდინოთ, რომ დაინტერესდეს ამ თემით”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
კახეთში ასევე გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობაც. მძღოლების ინფორმაციით, გურჯაანიდან თელავამდე ერთი ადამიანის მგზავრობა 3-ის ნაცვლად 4 ლარი გახდა. თელავიდან თბილისამდე კი 12 ლარი. მძღოლები აცხადებენ, რომ მგზავრობის ღირებულება საწვავზე ფასის გაზრდის გამო მოუწიათ. ადგილობრივების თქმით, მძღოლები მგზავრობის გადასახადს თვითნებურად ზრდიან, რაც მათ ბიუჯეტზე უარყოფითად მოქმედებს.
,,ძალიან რთული მდგომარეობაა, საწვავი ძვირდება და ეს იწვევს მგზავრობის თანხების გაძვირებას. მართალია თელავში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ ხშირად ვერ ვსარგებლობთ, რადგან არ ვიცით რომელი ავტობუსი რომელ მარშრუტზე მოძრაობს. გარდა ამისა, ხშირად ვერ მოძრაობს და როდესაც სადმე მალე გვინდა მისვლა, იძულებულები ვართ ტაქსის მომსახურებით ვისარგებლოთ.
ზოგი ახლო მანძილზე 4 ლარს იღებს, ზოგი კი უკვე 5 ლარს. შემოსავალი არ გვაქვს და ამდენი ფული საიდან მოვიტანოთ? ვინმე ხომ უნდა აკონტროლებდეს ამ საკითხებს, რომ თვითნებურად არ გაზარდონ გადასახადი მძღოლებმა? ეს საკითხი სულ პრობლემაა თელავში, განსაკუთრებით რთული სიტუაცია კი მუნიციპალიტეტის სოფლებშია, რადგან იქ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით ან ტაქსით გვიწევს გადაადგილება’’,- განუცხადა Knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ლეილა გიგაშვილმა.
სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია ქალაქ თელავში, სადაც 2 წელია მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები ემსახურება. ამ დრომდე ავტობუსები უფასოდ ემსახურებოდა მოსახლეობას, თუმცა, საკრებულომ უკვე დაიწყო მუშაობა და დაგეგმილია მგზავრობის საფასურის შემოღება, რომელიც შესაძლოა, 50-დან 80 თეთრამდე თანხით განისაზღვროს.
თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი ვანო იორდანიშვილი აცხადებს, რომ თელავს ამ დროისთვის 6 ავტობუსი ემსახურება.
,,6 ავტობუსი გვაქვს და ამ ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. ის ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, არის სპეციალური პანდუსი და სავარძლები. სანამ ავტობუსები მარშრუტებზე გავიდოდნენ მოხდა მოკვლევა, რა ადგილებში იყო საჭირო, რომ ემოძრავათ, გამოიკითხა ხალხი და ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა მარშრუტები. ტრანსპორტი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მოძრაობს.
ამ დროისთვის 6 მარშრუტია შედგენილი და ავტობუსები ქალაქის ტერიტორიაზე იმ ლოკაციებზე მოძრაობს, სადაც ძირითადად სტრატეგიული ობიექტებია. აღნიშნული ტრანსპორტით მუშაობა მაისიდან, ალბათ, ფასიანი გახდება. იგეგმება ახალი მარშრუტების დამატებაც, ახლომდებარე სოფლებში, ეს არის ვარდისუბანი, კურდღელაური და შესაბამისად, ახალი სადგომებიც მოეწყობა.
გადახდის სისტემას რაც შეეხება, ალბათ, საბარათო გადახდა იქნება, თანხას კი საკრებულო განსაზღვრავს. ასევე იგეგმება შეღავათებიც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის’’,- განუცხადა knews.ge-ს ვანო იორდანიშვილმა.
სხვა მუნისიპალიტეტების მსგავსად გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებსაც. მათი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კერძო ტაქსები კი ძვირია.
გაზაფხულიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა განუცხადა, საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობას სოფლებთან დაკავშირება, კერძო ტაქსების ნაცვლად, კომფორტული მიკროავტობუსებით, შეღავათიან ფასად შეეძლებათ. მისივე განმარტებით, წელს, ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, დაიხაზება საპარკინგე ადგილები და მოეწყობა გაჩერებები.
,,გვაქვს უკვე სხვადასხვა მიმართულებით მოლაპარაკებები. გარდა ტრანსპორტისა, გურჯაანში სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებისას, მოეწყობა საპარკინგე ადგილები, გაჩერებები, შემუშავდება მარშრუტები. გვინდა მოსახლეობას მოძრაობა სამივე მიმართულებით, როგორც კაჭრეთის, ასევე კახიფარის და ბაკურციხე -კარდენახის მიმართულებით გაუადვილდეს.
ამას, შესაბამისად, სჭირდება თანხების მოძიება, ავტოსადგურების და გაჩერებების შეკეთება და განახლება. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს ხაზების დამტკიცება, რა მიმართულებითაც უნდა იაროს ტრანსპორტმა. წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება, გურჯაანის სივრცითი მოწყობის გეგმის დამუშავებაც, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება ავტობუსების გადაადგილების მარშრუტები, საპარკინგე ადგილები და გაჩერებების მოსაწყობი ტერიტორიები’’,- განუცხადა knews.ge-ს ზურაბ უტიაშვილმა.