ახალი ამბები

მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოქალაქეებს ორ ეტაპად მოუწევთ

25 აპრილიდან, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოქალაქეებს ორ ეტაპად მოუწევთ, რაც პრაქტიკული მართვის გამოცდის როგორც – საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას გულისხმობს.

შესაბამისად, იზრდება გამოცდაზე გასვლის საფასურიც და თუკი აქამდე თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად საფასური 40 ლარი იყო, ერთ კვირაში, მომავალ მძღოლებს დამატებით, კიდევ 90 ლარის გადახდა მოუწევთ ანუ გამოდის, რომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილი 40 ლარი რჩება და ამას დაემატება 90 ლარი უკვე მეორე ეტაპზე.

გარდა ამისა, თუკი დღეს თეორიულ გამოცდაზე მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური 40 ლარს შეადგენს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში ხუთი უფასო გასვლა გვეკუთვნის, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, კანდიდატი, რომელიც პირველ ცდაზე ვერ ჩააბარებს, კვლავ 90 ლარის გადახდა მოუწევს.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი მართვის მოწმობის ასაღებად თანხის მატებასა და ასევე გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანას, ანუ მეორე ეტაპის დამატებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს იქნება ბიძგი ადამიანებისთვის, რომ უკეთ მოემზადონ და მათ აღარ უნდა სჭირდებოდეთ გამოცდაზე რამდენჯერმე გასვლა, ასევე რეგულაცია ქვეყანაში საგზაო მოძრაობას გააუმჯობესებს.

“აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად შეამცირებს საქართველოში საგზაო შემთხვევებს, რადგან ადამიანები უკეთესად მოემზადებიან და პრობლემაც არა ღირებულების მატება, არამედ უშუალოდ გამოცდისთვის მომზადებაა, რადგან კვალიფიციური კადრები არც თეორიული მასალის ათვისების კუთხით გვყავს და არც პრაქტიკულ ნაწილში. ხოლო ის ავტოსკოლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბაზაში, არ აკმაყოფილებენ სასურველ სტანდარტსა და ხარისხს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა”, –
განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანაში ავტოსკოლების ლიცენზირება და კვალიფიციური კადრების პოვნა და მათი გადამზადება.