მოაგვარებს თუ არა საძოვრების პრობლემას ახალი სამთავრობო პროგრამა
საძოვრების პრობლემა კახეთში წლებია მწვავედ დგას. მოსახლეობა გასხვისებულ საძოვრებს წლებია აპროტესტებს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით, ფერმერებმა შესაძლოა, რამდენიმე წლით ოფიციალურად სარგებლობაში აიღონ მიწა, რაშიც შესაბამის საფასურს გადაიხდიან.
საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ (ქონების სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტთან შეთანხმება და ა.შ.) დაინტერესებულ პირებს საძოვრების იჯარით აღება შეეძლებათ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, განცხადების მიღება დაახლოებით 15 000 ჰექტარი საძოვრის იჯარაზეა გამოცხადებული.
„მთლიანობაში 50 ჰექტარზე მეტია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ინფორმაცია შეგროვებული. ჩვენ საშუალებას ვქმნით, რომ ფერმერებმა რამდენიმე წლით ოფიციალურად სარგებლობაში აიღონ მიწა, მოუარონ და შესაბამისი საფასური გადაიხადონ. ისეთი პირობები გვაქვს ჩადებული, რომ იმ ფერმერებისთვის იყოს ხელმისაწვდომი საძოვრები, ვისაც პირუტყვი ჰყავს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ისივე თქმით, ქვეყანაში საძოვრებთან მიმართებაში პრობლემები არსებობს, რომლის მოგვარებასაც მომავალში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებით აპირებენ.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის საძოვრის იჯარაში ასაღებად ფერმერებს მარტივი პროცედურების გავლა მოუწევთ.
„დონორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც შემდგომში უნდა გახდეს შესაბამისი პროექტის საფუძველი და ეს საკითხი მთლიანობაში უნდა დარეგულირდეს“.
ბოლო რამდენიმე წელია საძოვრებთან დაკავშირებული საკითხების გამო, კახეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, საპროტესო აქციებს მართავს. მათი თქმით, სოფლებში არსებული საძოვრების დიდი ნაწილი გასხვისებულია.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლების ნაწილი მესაქონლეობით ვირჩენთ თავს. საძოვრები საკუთრებაში არ გვაქვს, რომ პირუტყვი გავიყვანოთ. არ გვინდა რომ ძროხები გავყიდოთ, მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს. ჩემი ოჯახისთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა და ასე არიან სხვებიც”.აქციებიც გავმართეთ, თუმცა უშედეგოდ, ბევრი საძოვარი გასხვისდა, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ოჯახებზე”.
გარდა ამისა, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს, რომ მიწას საძოვრის სტატუსი დაბრუნდეს.
,,ჩვენ მესაქონლეობით ვირჩენთ თავს. ვითხოვთ, რომ მიწას საძოვრის სტატუსი დაუბრუნონ”.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2021 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 2020 წელთან შედარებით 1%–ით გაიზარდა და 935,2 ათასი სული შეადგინა. აქედან 434,4 ათასი სული – ფური და ფურკამეჩია.