ახალი ამბებიბლოგები

რა უნდა ვიცოდეთ ხმაურთან დაკავშირებით

საქართველოს კანონმდებლობით ხმაური განმარტებულია, როგორც არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოებზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას.

ასევე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობაში ცალკეა გამოყოფილი აკუსტიკური ხმაურის ცნება, რადგან სწორედ ამ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

 

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები:

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის და ღამის პერიოდში. დღის პერიოდი 08:00 სთ-დან 23:0 სთ-მდე, ღამის პერიოდი 23:00 სთ-დან 08:00-სთ-მდე.

 

ვინ არის პასუხისმგებელი ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე?

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსოებსა და მათი განაშენიენების ტერიტორიაზე ხმაურის დონე აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

 

რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება?

პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების დროს ხდება ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილება.სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მისი ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ღამის საათბში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.იმავე ქმედების გამეორების შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში, მეორედ და ყოველ მომდევნო ჯერზე, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარით.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბერს 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისი).

 

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების განმსაზღვრელი ტექნიკური რეგლამდენტის მოთხოვნები არ ვრცელდება:

– დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებსა და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე;
– საავიაცო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე;
– შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე;
– დღის საათებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო საქმიანობაზე;
– ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე;
– საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.
ხმაურის გასაზომი ერთეულია დეციბელი (დბ),. რისი მეშვეობითაც ხდება დასაშვები ნორმების დადგენა.

ინფორმაციის წყარო:
საქართველოს იურისტთა ასოციაცია