თელავში ახალი თანამედროვე აეროპორტი აშენდება
თელავში ახალი, თანამედროვე აეროპორტი აშენდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროექტირებაც მალე დასრულდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თელავის აეროპორტი პირველ მგზავრს 2024 წლის მაისისთვის მიიღებს.
„თელავში მოგეხსენებათ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ და ავაშენოთ, შევქმნათ თელავის ახალი თანამედროვე აეროპორტი. ჩვენ პროექტირებას და მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ პირველი მგზავრი 2024 წლის მაისში მიიღოს. პროექტირება და მშენებლობა მალე დასრულდება.
პროექტისთვის 25-30 მლნ ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურას მთლიანად განვაახლებთ. 1 700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და განახლდება მთელი ინფრასტრუქტურა. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები.
ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს მოემსახურება და შეეძლებათ იფრინონ კომფორტულად. აუცილებელია შიდა რეისების განვითარება და ამისთვის, მთავრობა ვეხმარებით კერძო სექტორს. ჯამში, საქართველოში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი” “,– განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო” აშენდა 1983 წელს და თითქმის 10 წელი უწყვეტად იმუშავა. მუშაობა 1992 წელს შეაჩერა. შემდეგ აეროპორტი მთლიანად გაიძარცვა და განადგურდა.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის’’ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით ტეფნაძე აცხადებს, რომ თელავის აეროპორტი “მიმინო” საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია, სადაც სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკები ხორციელდება.
,,აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით:აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.”
აეროდრომის რეაბილიტაცია, გასულ წელს დასრულდა. მისი თქმით, აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. დავით ტეფნაძე აცხადებს, რომ აეროპორტს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები.
,,ყოველ წელს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ამიტომ აეროდრომს გეგმიურად უწევდა რეაბილიტაცია და უკვე საჭირო იყო მთლიანი აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლება. გასულ წელს გარემონტდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, სადგომი საჰაერო ხომალდებისთვის და ფაქტობრივად, განახლდა მთლიანი ინფრასტრუქტურა.”,- განუცხადა knews.ge-ს დავით ტეფნაძემ.