ახალი ამბები

პურპროდუქტები 20%-ით, ზეთი და კარაქი 20%-ით, ბოსტნეული 23%-ით, ხორცი კი 12%-ით გაძვირდა

2022 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციამ 13.9% შეადგინა.

ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფებიდან ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში არსებულმა გაძვირებამ იქონია, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია სასურსათო კალათაში შემავალ თითქმის ყველა პროდუქტზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 პროცენტი), თევზეული (16.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი).

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.0 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3 პროცენტი).

სამომხმარებლო ჯგუფებიდან ფასები გაზრდილია ყველა ჯგუფზე, გარდა კავშირგაბმულობისა და ტანსაცმლისა, სადაც 0.4%-ის და 0.9%-ის შემცირება ფიქსირდება.