ახალი ამბები

,,მარუსასთან” – მეწარმე საგარეჯოდან, რომელმაც საელჩოში მუშაობას სოფელში ცხოვრება არჩია

ახალგაზრდა მეწარმე მარუსა ბურდულაძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით საქმიანობა ორი წლის წინ დაიწყო.

მან ერთ-ერთ საკონსულოში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობას სოფელში დაბრუნება არჩია და ახლა აგროტურისტული მეურნეობის მფლობელია, რომლითაც ტურისტების დაინტერესება სულ უფრო იზრდება.

მარუსა ამბობს, რომ მიუხედავად წარმატებული კარიერისა და აქტიური ცხოვრებისა, გული მუდამ სოფლისკენ მიუწევდა. საბოლოოდ კი მან მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა თბილისში ცხოვრებაზე და კახეთში ერთ პატარა, მყუდრო სახლში დასახლდა, რომელიც საკუთარი ხელით გააფერადა.

,,პროფესიით პოლიტოლოგი ვარ. ახლა მაქვს ძველებური, ტრადიციული სტილში მოწყობილი საოჯახო ტიპის სასტუმრო ,,მარუსასთან”. ვთვლი ჩემი სახლი განსაკუთრებულია, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის არაფრისგან, მინიმალური თანხებით შევქმენი სასურველი გარემო.

სწორედ ისეთი როგორზეც ბავშვობიდან ვვოცნებობობდი. მიმაჩნია, რომ მთავარი მონდომებაა. აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა თუ გულით გვინდა და თან გვჯერა საკუთარი ოცნებების. სოფელში გადმოსვლამდე ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი მქონდა. ვმუშაობდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე ერთ-ერთ საკონსულოში, პარალელურად მქონდა ჩემი ტურისტული კომპანია და ბევრს ვმოგზაურობდი.

სოფელი ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. აქ არსებული სიმშვიდე, ბუნებაში ყოფნა, სიმწვანე, ყოველთვის მიზიდავდა. დაახლოებით 2 წლის წინ გადავწყვიტე სოფელში, ბიძაჩემის ძველ, მიტოვებულ სახლში დაბრუნება და მისი გაცოცხლება. ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა, რადგან დამხმარე არავინ მყავდა და არც ფინანსები მქონდა ამ საქმისთვის გადადებული’’,- განუცხადა knews.ge-ს მარუსა ბურდულაძემ.

მისი თქმით, გარემოს მოსაწყობად ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა.

,,მომიწია ყველაფრის ჩემი ხელით გაკეთება, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი ჩემი ოცნების გარემო შემექმნა, რომ თავი არ დამიზოგავს და ბოლოს ნამდვილად გამომივიდა ის რაზეც სულ ვვოცნებობდი.

ყოველთვის მინდოდა, ძველებური, ტრადიციული სტილის სახლის გაკეთება ბუნების წიაღში, რომელსაც სამომავლოდ ვაქცევდი ტურისტულ ზონად და სტუმრებს ჩემი კუთხის ღირსშესანიშნაობებს გავაცნობდი. ასევე ჩვენ სამზარეულოსა და ღვინოებს. ზუსტად ასეთი სახლი მაქვს ახლა და უამრავი სამომავლო გეგმა რომელიც სოფელს უკავშირდება’’,- განუცხადა knews.ge-ს მარუსა ბურდულაძემ.

მარუსას განმარტებით, საქმიანობის დაწყება თავიდან რთული იყო, რადგან ყველაფრის გაკეთება თავად უწევდა. მისი თქმით, თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ახლა სოფელში მას აქვს ერთ-ერთი საინტერესო და განსხვავებული გარემო, რომელიც ტურისტებს კახეთს და მის ისტორიას აცნობს.

,,ჩემი ძირითადი საქმიანობა კახეთის გაცნობაა ტურისტებისთვის. სახლი არის ძველებურ ტრადიციულ სტილში მოწყობილი, მაქვს ღვინოებიც და ვაცნობ ქართულ სამზარეულოს. ასევე ახლოს არის რამდენიმე ღირსშესანიშნაობა, რომლის მონახულებაც შეუძლიათ აქ მოსულ სტუმრებს. ჩემი მთავარი მიზანია მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევქმნა მოგზაურისთვის, ისეთი რომ მეორედ დაბრუნების სურვილი აუცილებლად გაუჩნდეს. თავდაპირველად ჩემი სოფელში გადმოსვლის იდეას ყველა ძალიან არასერიოზულად შეხვდა, განსაკუთრებით დიდი ბარიერი იყო ოჯახიდან. არავის სჯეროდა რომ დიდხანს გავჩერდებოდი, ანდა ფიზიკურ შრომას შევძლებდი. მაგრამ სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ საკმაოდ მცირე დროში გამოვაცოცხლე აქაურობა, შევქმენი სასურველი გარემო და სტუმრების მიღებაც დავიწყე’’,– განაცხადა მარუსა ბურდულაძემ knews.ge-სთან საუბრისას.

მარუსა განმარტავს, რომ პანდემიამ მის საქმიანობაზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით ახლა სტუმარი იშვიათად ჰყავს.

,,ვფიქრობ ტურიზმი ის სფეროა, რომელიც გამორჩეულად დაზარალდა პანდემიის გამო. რა თქმა უნდა ჩემს საქმიანობაზეც აისახა ეს, ხალხი ვეღარ მოგზაუობს, სტუმრები იშვიათად მაგრამ მაინც მყავს. სამაგიეროდ უფრო მეტი დრო მრჩება შრომისთვის, გარემოს გალამაზებისთვის, მინდა სახლში მარანი მოვაწყო და საკუთარი ღვინოები დავაყენო.

ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩავები ახლა, რადგან პანდემიის გამო მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. სახლი, რომელიც მე გავაკეთე ძალიან ძველი იყო და მოუვლელი, ამ დრომდე ძირითადად მისი გამოცოხლებით ვიყავი დაკავებული. სამომავლოდ უკვე მინდა ბევრი მცენარე დავრგო, ვიყიდო ცხენი და მოვაწყო მცირე მეურნეობა. პირველ რიგში კი საკუთარი ღვინის ჩამოსხმას ვგევმავ’’,- აღნიშნა მარუსა ბურდულაძემ.