ახალი ამბები

Daily Mail – საუკეთესო ევროპული ღვინოების ყურძენი წარმოშობით საქართველოდანაა

„დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი – ყურძენი, რომელიც გამოიყენება საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად, შესაძლოა, იყოს დასავლეთ აზიის ქვეყანა საქართველოდან, სადაც ვენახები 8000 წელია, არსებობს,“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გამოცემას იტალიელი მეცნიერების კვლევის შედეგები მოჰყავს, რომელიც ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა. მკვლვარებმა საქართველოში ვაზის 204 გენომი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ვაზის „მოშინაურების ერთადერთი მოვლენა“ სწორედ დასავლეთ აზიაში მოხდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ყურძნის ჯიში, რომელსაც იყენებენ ისეთ ღვინოებში, როგორიც არის Sauvignon Blanc, Merlot, Chardonnay და Pinot Noir სწორედ ამ მოვლენის დროს დაიბადა, რასაც შემდეგ ქართული და ევროპული ჯიშების მრავალრიცხოვანი შეჯვარება მოჰყვა.

იტალიელი მკვლევარები ასკვნიან, რომ ყურძენი დასავლეთ აზიიდან ევროპაში ადამიანთა მიგრაციისა და საზღვაო ვაჭრობის შედეგად გავრცელდა, რაც ეწინააღმდეგება მეორე თეორიას, რომ ევროპული ღვინოები, დასავლეთ აზიის ყურძენთან შეჯვარების გარეშე, კონტინენტის ველური ყურძნის ჯიშებიდან კეთდებოდა. თუმცა იტალიელი მეცნიერები, მიქელე მორგანტე და გაბრიელე დი გასპერო აცხადებენ, რომ ველურ ყურძენსა და იმ ჯიშებს შორის, რომლებიც დღევანდელი ღვინის დასამზადებლად გამოიყენება, გენეტიკური სხვაობის დონეები დააფიქსირეს.“

„მას შემდეგ, რაც არქეოლოგებმა უძველეს თიხის ჭურჭელში ღვინის ნარჩენების კვალი აღმოაჩინეს, საქართველოს თავი მოაქვს, რომ ღვინოს 8000 წლის განმავლობაში აწარმოებს, ანუ უფრო მეტ ხანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი,“ – წერს Daily Mail.

გამოცემის ცნობით, იტალიელების კვლევამ, ასევე, „გამოავლინა მოშინაურებისა და სელექციური შერჩევის გენეტიკური კვალი, რომელიც დღევანდელი ღვინის დასამზადებელ ყურძნის ჯიშს განსაზღვრავს“.

Daily Mail-ის ისტორიული რაკურსით, 2017 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 8000 წლის წინათ საქართველოში უკვე „გონების ამრევ“ ღვინოს სვამდნენ. არქეოლოგიურმა მტკიცებულებებმა ღვინის წარმოშობა კიდევ 1000 წლით უკან, ნეოლითის ხანაში გადაწია, როცა ადამიანები ჯერ კიდევ ქვის იარაღებს იყენებდნენ. მანამდე ღვინის უძველესი კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლით თარიღდებოდა და ირანის ზაგროსის მთების აღმოჩენით იყო ცნობილი. თუმცა ტორონტოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები თვლიან, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ალკოჰოლური სასმელის მისაღებად ყურძნის დაწურვის პრაქტიკა 1000 წლით ადრე დაიწყო.

„საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, დაახლოებით, 30 მილის სამხრეთით მდებარე ორ ადგილზე ნაპოვნ კერამიკულ ჭურჭლის ფრაგმენტებზე აღმოჩნდა ნარჩენები, რომლებიც ყურძნისა და ღვინის ქიმიურ ნიშნებს შეიცავდა,“ – წერს Daily Mail, რომელსაც ტორონტოს უნივერსიტეტის ახლო და შუა აღმოსავლეთის ცივილიზაციების დეპარტამენტის ჯგუფის წევრის, დოქტორ სტეფან ბატიუკის შეფასება მოჰყავს, რომ „ეს არის ველურად მზარდი ევრაზიული ვაზის მოშინაურების უძველესი მაგალითი მხოლოდ ღვინის წარმოებისთვის.“