მიწის არასისტემური რეგისტრაცია ფასიანი ხდება
დაახლოებით 2 კვირაში მიწის უფასო რეგისტრაციის ვადა იწურება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პროგრამა გაგრძელდება.
ცნობილია, რომ მიწის არასისტემური რეგისტრაცია ფასიანი გახდება. კონკრეტული საფასური ამ ტიპის რეგისტრაციისთვის ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თუმცა, როგორი შეღავათიც არ უნდა დაწესდეს, რეალურად დიდი პრობლემაა რეგისტრაციის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება, რის გამოც რეგისტრაციის პროცესი ფაქტობრივად ვერანაირმა შეღავათმა ვერ წაახალისა. ამის ერთ-ერთ მიზეზად დარგის სპეციალისტები მიწასადმი მენტალურ მიდგომას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რამდენიმე წელია კიდევ საჭირო, რომ პროცესი დასრულდეს.
რაც შეეხება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა 14 დეკემბერს შეაფასა.
კანონმდებლებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მიწის რეფორმა გაგრძელდეს. კერძოდ, როგორც კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან რეალურად იწყება ახალი ფაზა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის, რაც ნიშნავს, რომ დღეს არსებული საშეღავათო რეჟიმი შენარჩუნდება სისტემური რეგისტრაციისთვის, ხოლო სპორადული (არასისტემური) რეგისტრაცია ფასიანი გახდება.
ფაქტია, რომ მთავრობის ხელშემწყობი ღონისძიებების, რეგისტრაციის წესების გამარტივების და რიგი შეღავათების მიუხედავად, საქართველოში მიწის რეგისტრაციის საკითხი საბოლოოდ ვერ მოგვარდა. როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა მიწის მიმართ ქართველების ტრადიციული დამოკიდებულება, მენტალიტეტი, რის გამოც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ქონების კანონიერად დასაკუთრებას არ ცდილობს.
ცნობისთვის, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.