ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია- გომბორის გზაზე ინფრასტრუქტურა მოუწყობელია
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია გომბორის გზაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ასოციაციამ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა ჩაატარა და რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომლის გათვალისწინებასაც შესაბამის უწყებებს სთხოვს.
ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ გომბორის გზის კვლევამ საგანგაშო შედეგები აჩვენა.
მისივე თქმით, აღნიშნულ გზაზე საპოლიციო კონტროლი სუსტად არის წარმოდგენილი, რის გამოც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აბსოლუტური უმრავლესობა რეაგირების გარეშე რჩება.
გარდა ამისა, უსაფრთხოების არანაირი ზომა არ არის მიღებული მეწყერსაშიშ ადგილებზე და არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნები განთავსებული.
,,გომბორის გზის შესწავლა მიმდინარეობდა ადგილზე, 2 დღის განმავლობაში, რამაც საშუალება მოგვცა, რომ დაკვირვება მოგვეხდინა, როგორც მზიანი, ასევე წვიმიანი და ნისლიანი ამინდის პირობებში.
იქ ყოფნის პერიოდში, დაფიქსირდა ბევრი საინტერესო და ამავდროულად საგანგაშო შემთხვევა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, მძღოლების მხრიდან ავტომობილის „აგრესიული მართვის“, მოსახვევებში მაღალი სიჩქარით შესვლის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გასწრების შემთხვევები. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების სიმრავლე კი, ვიზუალურადაც თვალსაჩინო იყო. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში, მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რაც ვფიქრობთ, რომ არასაკმარისია, ქმნის დაუსჯელობის შეგრძნებას და ხელს უწყობს დამრღვევთა მომრავლებას.
გზის მთელ მონაკვეთზე, საერთოდ უგულებელყოფილია ქვეითთა არსებობა და იქ სადაც მოწყობილია „ქვეითთა გადასასვლელები“ არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.
გაუქმებული და განადგურებულია საფეხმავლო ბილიკები, რის გამოც მოსახლეობა გადაადგილდება საავტომობილო გზის უკიდურესად საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე.
საგზაო მონიშვნები აღარ აღიქმება რადგან მოძველებულია. იქ სადაც საგზაო მონიშვნა ჯერ კიდევ იკითხება, წყვეტილი ხაზით დახაზულია გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც წესით გასწრება კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს.
საგზაო ნიშნები საერთოდ არ არის განთავსებული გზის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე, რაც მძღოლს ტოვებს აუცილებელი ინფორმაციის გარეშე. იქ სადაც განთავსებულია, საგზაო ნიშნები ჩაფლულია ხეებში და არ ჩანს, ან სიძველის გამო ნაკლებად აღქმადია.
ზოგიერთ ადგილზე კი, საგზაო ნიშანი გზის მარცხენა მხარეს არის განთავსებული, ნაცვლად მარჯვენა კიდისა, ასეთ შემთხვევაში საგზაო ნიშანი შეიძლება დარჩეს მძღოლის ყურადღების მიღმა’’,- განუცხადა Knews.ge-ს დავით მესხიშვილმა.
მესხიშვილის განმარტებით, გომბორის გზა დიდი მნიშვნელობის მქონეა რადგან ის გურჯაანის გზის განტვირთვას ახდენს.
იგი ასევე განმარტავს, რომ გზა დაუყოვნებლივ საჭიროებს შეკეთებას, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. ცხელ მონაკვეთებზე სიტუაციის განსამუხტად კი საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
,,გომბორის გზაზე სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოსაწესრიგებელია პარკირება. მთლიანობაში კი მშენებლობისას ინჟინრულად დაშვებულია შეცდომები, რომლის გამოც შესაძლოა მძღოლები ვერ იმორჩილებდნენ საჭეს.
ჩვენ როდესაც ეს დასკვნა გამოვაქვენეთ, საზოგადოების ნაწილმა გარკვეული საკითხები არასწორად გაიგო. ჩვენ ამ გზის დაკეტვას არ მოვითხოვით, მხოლოდ ვსაუბრობდით არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას.
აშკარაა, რომ გზის მოწყობისას და ექსპლუატაციის დროსაც, არ არის გათვალისწინებული რთული რელიეფი და სტიქიური მოვლენების სიხშირე. ასევე უგულებელყოფილია საგზაო უსაფრთხოების ელემენტარული პრინციპები. დღევანდელი მოცემულობით, გზაზე გადაადგილება შეიცავს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის მაღალ რისკს’’,– აცხადებს დავით მესხიშვილი.
კვლევის შედეგების მიხედვით ასოციაციამ 12 რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც დეტალურად არის არსებული თითოეული პრობლემა აღწერილი და საუბარია მისი მოგვარების გზებზე.
დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ სწორედ მოუწყობელი ინფრასტრუქტურის გამო ავარიების რაოდენობა გომბორის გზაზე ყოველწლიურად იზრდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის სამმართველოში აცხადებენ, რომ გომბორის გზაზე მოძრაობა გადატვირთულია, რის გამოც ავარიები ხშირად ხდება.
,,გზები პროექტდება და კატეგორიების მიხედვით შენდება. გომბორის გზა არის მეოთხე კატეგორიის, მოძრაობა კი მეორე კატეგორიის შესაბამისია. ვიცით, რომ მოძრაობის ინტენსივობა დიდია.
გზის პარამეტრები კი, მაგალითად სიგანე, არ შეესაბამება ამ ინტენსივობას. გომბორის უღელტეხილზე და მსგავსი კატეგორიის გზაზე ყოველდღე უნდა სარგებლობდეს 1000-მდე მანქანა, აქ კი 7 000-ზე მეტი მანქანა მოძრაობს.
შესაბამისად, გზა ამ ინტენსივობის მოძრაობას ვეღარ უძლებს. ინფრასტრუქტურა უკვე მეორეხარისხოვანია როცა ეს პრობლემა დგას. ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ’’,– განუცხადეს Knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის ოფისში.
დეპარტამენტის ინფორმაციითვე, არსებული პრობლემების მოგვარებისთვის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2019 წელს ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 37-ე, მე-40 და 50-ე კილომეტრზე განხორციელდა მრუდის ელემენტების გაუმჯობესება, მათ შორის განხორციელდა დამატებითი საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოწყობა, გზის 56-ე კილომეტრზე კი მოეწყო წყალამრიდი და წყალგამტარი საშუალებები.
გზაზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ მძღოლებიც. მათი თქმით, აუცილებელია, რომ შესამაბისმა სამსახურებმა სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები და ვიდეო კამერები დაამონტაჟონ.
,,გზა სულ მოსახვევებია და რთულია გადასაადგილებლად. გარდა ამისა, პრობლემაა მანქანების გაუმართაობა, რომლის გამო ავარიები ხშირია. რთულ მონაკვეთებზე უნდა მოეწყოს სათანადო ინფრასტრუქტურა, რომ მძღოლმა შეანელოს მოძრაობა’’,– განუცხადა Knews.ge-ს მძღოლმა ლევან გოგოლაურმა.