სოფელ დუისის სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალში გადავიდა
2021 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფინალში ახმეტის სკოლის მასწავლებელი იზა ხანგოშვილი გადავიდა. ჯილდოს მფლობელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება და მას, ფულადი პრიზის სახით, 10 000 ლარი გადაეცემა.
აზა ხანგოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელია. მან 1981-1986 წწ დაამთავრა ქ. გროზნოს პედაგოგიური ინსტიტუტი და პარალელურად დაეუფლა ექთნის პროფესიას. ჩეჩნეთის მე-2 ომის დროს, 1999 წელს ჩამოვიდა საქართველოში და იმავე წელს მოხალისეობრივად დაიწყო მუშაობა დუისის საჯარო სკოლაში. ამჟამად, 22 წლის შემდეგ, სრულად მოხალისე მასწავლებელი, ფართო ხედვით, დიდი ამბიციებითა და პროფესიული თავისუფლებით არის უკვე ეროვნული ჯილდოს ათეულში.
ის ფიქრობს, რომ მასწავლებლობა მრავალმხრივი მოღვაწეობაა, ის ცოდნის, პიროვნული პატიოსნების, კულტურისა და შეგნების თაობათა შორის გადამცემია, ასევე პასუხისმგებელი ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდაზე. აზა ამზადებს მოსწავლეებს მომავალი ცხოვრებისთვის. ხელს უწყობს ისეთი ქმედითი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა თვითცნობიერება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ინკლუზიურ განათლებას.
მისივე თქმით, მისთვის მნიშვნენელოვანია ხელი შეუწყოს კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბებას. ის უბიძგებს მოსწავლეებს მსჯელობის, საკუთარი აზრის თამამად გამოთქმისა და მისი არგუმენტირებულად დაცვისაკენ. ის ასწავლის მოსწავლეებს სწორად შეაფასონ შესაძლებლობები და იპოვონ ცხოვრებაში თავიანთი ადგილი. საგნის სწავლებისას მოსწავლეებს რთავს სადემონსტრაციო რესურსების შექმნაში, ვიქტორინებში, ოლიმპიადებში, ტრენინგებში, სასკოლო-სათემო და სოციალურ პროექტებში. მოსწავლეებს აცნობს ახალ ტექნოლოგიებს, გამოგონებებს და მათ კავშირს ფიზიკასთან. მოსწავლეებს ატარებინებს საინტერესო ექსპერიმენტებსა და ცდებს. სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ეკო-ჰაბი- თავისუფალი სივრცე ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, აზა ორგანიზებას უწევს კლასის საათებსა და ფიზიკის საღამოებს, მშობლების არაფორმალურ შეკრებებს.
პანდემიის პირველ, ყველაზე მძიმე ეტაპზე, მისმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების იდეების სტარტაპ კონკურსში ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის იდეით. აზამ ეკოკლუბთან ერთად მოიპოვა დაფინანსება პიბადეების შეკერვისა და დარიგებისა და პანკისის ხეობის ახალგაზრდებისთვის პანდემიის პერიოდში იზოლაციისას წასაკითხი ინგლისურ და ქართულ ენოვანი წიგნების შეძენისთვის. პანდემიის პერიოდში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების, ფსიქო-ემოციური მხარდაჭერისთვის ჩამოაყალიბა ონლაინ კლუბი ,,ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება’’.
აზას მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ არაერთი წარმატება სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში: პროგრამა ,,გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონი’’, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, სათემო პროექტების კონკურსი და სხვ. ასევე, პროექტი ,,იყავი მეწარმე’ ფარგლებში გადაამზადა 141 მოსწავლე, რომლებმაც მოიპოვეს დაფინანსება 5 ბიზნეს იდეისთვის.
აზა ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის უწყვეტი მუშაობა არის საჭირო როგორც სკოლაში, ასევე საზოგადოებაში. ამ მიზნით მან შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს თავად ჩაატარონ გაკვეთილები და ტრენინგები პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებისთვის. ის მოსწავლეებთან ერთად ზრუნავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. მოსახლეობის ჩართულობით აწყობს გარემოსდაცვით ღონისძიებებს, თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, ხელმძღვანელობს თექის პროფესიულ კურსს სკოლაში, თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯ ,,აისთან’’.
აზას მიზანია, პანკისის ხეობაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, ხელს უწყობს მათ ბიზნეს პროექტების შემუშავებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობაში.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ათეულში კახეთიდან ორი პედაგოგი იყო გადასული. კონკურსის ნახევარფინალში იყო გადასული ასევე თელავის N5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.