ახალი ამბები

ღვინის კომპანიებს მთავრობა საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიას დაუსუბსიდირებს

სახელმწიფო ღვინის კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიას დაუსუბსიდირებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრიფინგზე ახალი პროგრამის დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში ისარგებლებენ ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მთელ მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციას და საექსპორტო გაყიდვების ზრდას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. პროექტის დიზაინი შეთანხმებულია ღვინის მწარმოებელთა ასოციაციასთან. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა მეწარმეებთან, სადაც კონკრეტული პირობები შევაჯერეთ. პროექტი ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის ე.წ. სავაჭრო მარკეტინგის საგრანტო თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

ახალი პროგრამა მარკეტინგული კამპანიების თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე ითვალისწინებს, სადაც ქართული ღვინო გავა, დსთ-ს ქვეყნების და საქართველოს გარდა. ჩვენი მიზანია საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების გაზრდა ახალ გეოგრაფიებში. ჩვენ ვაკეთებთ დივერსიფიცირებას. ჩვენ ტემპის გზარდა და არსებულ ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირება გვინდა. შესაბამისად, დსთ-ის ქვეყნებში მარკეტინგული ღონისძიებები არ დაფინანსდება და ყველა იმ ბაზარზე დაფინანსდება, სადაც ღვინის კომპანიები მარკეტინგულ ღონისძიებებს დააფინანსებენ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საპილოტე რეჟიმში ლევან დავითაშვილის თქმით თითოეული კომპანიისთვის სუბსიდირების 1 წლის ბიუჯეტი 600 000 ლარი იქნება, თუმცა ღვინის კომპანიები ამ თანხის მიღებას გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ შეძლებენ.

„ერთი კომპანიისთვის წლის განმავლობაში მარკეტინგული ბიუჯეტი 600 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა ეს საწყისი, საპილოტე ვერსიაა და თუ დავინახავთ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება, სახელმწიფომ შეიძლება დამატებითი თანხები გამოყოს. ეს პირდაპირ კავშირშია გაყიდვების ზრდასთან. საანგარიშო წელს, როდესაც მოხდება დაფინანსება ექსპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილი უნდა იყოს, სწორედ ეს ზრდაა ჩვენთვის ამოსავალი. შემზღუდველი დამატებითი ფაქტორი 1 ბოთლ დამატებით ღვინოზე 2 ლარია. ეს არის ბიუჯეტი.
მაგრამ არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე ჩაანაცვლონ მარკეტინგული აქტივობები, შესაბამისად, ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ მათ უნდა გაზარდონ მარკეტინგული ბიუჯეტები, რომელიც აუდიტის მიერ დადასტურდება. “,
– განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით პროგრამა კერძო სექტორის ჩართულობით შემუშავდა, და წარმატებული იქნება, ასევე მასში ბევრი კომპანია ჩაერთვება.