ახალი ამბები

ყვარელში მდებარე მეთვრამეტე საუკუნის მარანი, რომელიც ტურისტების მოწონებას იმსახურებს

ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ,,გიგო პაპას მარანი” მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული.

აგროტურისტული მეურნეობის მფლობელი მანანა შატავიძე აცხადებს, რომ მარანში განთავსებულია 17 უძველესი ქვევრი, რომელთა ტევადობა 22 ტონაა. მანანას თქმით, მარანი აშენებულია დაახლოებით 1850 წელს მამასახლისი გიგო ავაზაშვილი (პაპას) მიერ. საოჯახო საჭიროებიდან გამომდინარე მარნის ფუნქციონირება არ შეჩერებულა და ღვინის წარმოების (კახური მეთოდით) უწყვეტი პროცესი მიმდინარეობს დღესაც. მისი ინფორმაციით, ქვევრები და მარანი კარგ მდგომარეობაშია შემონახული.

მარანს გააჩნია ღვინის დასაძველებელი სივრცე, რომელში ჩასასვლელიც განთავსებულია მარანში. „გიგო პაპას მარანი“ 2018 წლიდან მასპინძლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს.

,,ჩვენს მარანში განთავსებულია 17 სხვადასხვა ტევადობის ქვევრი. სულ 22 ტონამდე ღვინო ჩადის ამ ქვევრებში. მარანი არის მინი ქარხანაც. შენობას აქვს 11 საფეხურიანი ჩასასვლელი სიღრმეში, სადაც მოწყობილია სარდაფი. იქ ჩვენს მიერ წარმოებული ღვინოების დაძველება ხდება. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ორი სახეობის, რქაწითელის და საფერავის ქვევრის ღვინოებს. გვაქვს ჩვენი ,,ზაოდი” და ვხდით ჭაჭას. რაც შეეხება მარნის შენობას, ის უძველესია. კედლები კირით არის ნალესი და როგორც ამბობენ კვერცხის გულიც ურევია. ჩრდილოეთის მხარეს კედელში სამი ეკლესიაა გაკეთებული. ასეთ რამეს სხვაგან ვერსად ნახავთ. ძალიან ლამაზი გარემო გვაქვს. 4 წელია რაც ოჯახმა გადავწყვიტეთ სარგებლობა მოეტანა ჩვენს უძველეს მარანს. გარდა მარნისა, გვაქვს ეზოში ვენახიც. ასევე მოვიგეთ გრანტი და გავაკეთეთ სასტუმრო კოტეჯი და ავაშენეთ ორი ნომერი. საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დაგვაფინანსა. ასე რომ ერთ სივრცეშია მარანი, კოტეჯი, სტუმრების მისაღები სივრცე, გვაქვს ,,ზაოდი” და თონე”,- განუცხადა Knews.ge-ს მანანა შატავიძემ.

იგი აღნიშნავს, რომ მარანი ყოველწლიურად უამრავ ქართველ და უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. მისი თქმით, მარნით ასევე დაინტერესებული არიან ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციებიც.

,,ჩვენი მარნით დაინეტესებული არიან საქართველოში მოქმედი ტურისტული ორგანიზაციები. სულ ცოტა ხნის წინ, DMO-მ თავის პროგრამაში ჩაგვრთო და სამჯერ მოგვიყვანეს ვიზიტორები დასავლეთიდან. სულ 90 კაცი, ორჯერ გიდები და ერთხელ მეღვინეები. რაც მთავარია, პანდემიის პერიოდშიც არ გაგვიჩერებია მუშაობა დაცული გვქონდა კოვიდუსაფრთხოება. სტუმარი სულ გვყვავს და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია”,- აცხადებს მანანა შატავიძე.

მარნის მფლობელი ამბობს, რომ ტურისტებს გარდა მარნის დათვალიერებისა და ქართული ტრადიციების გაცნობისა, ატარებენ სხვადასხვა მასტერკლასებს, რაც ვიზიტორების დიდ ინტერესს იწვევს.

,,მასტერკლასებს ვატარებთ: თათარაობას, ჩურჩხლის ამოვლებას, თონეში პურის ცხობას, შემოდგომით ,,ზაოდობას”, ხინკლის მოხვევას , ხაჭაპურის და მწვადის მომზადებას. ასევე ჩვენი ღვინოების დეგუსტაციას. ძირითადად მოდიან ინდოელები, გერმანელები, უკრაინელები, ებრაელები და არაბები.”

მანანას თქმით, სამომავლოდ ისინი ღვინის წარმოების გაფართოებას, მის ეტიკეტირებას, ბრენდირებას და ბაზარზე გაყიდვას გეგმავენ.