ახალი ამბები

თელავში მცხოვრები ახალგაზრდა დიზაინერი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს

თელავში მცხოვრები ვიზუალური მხატვარი-დიზაინერი ნინო მრელაშვილი სულ მალე საქმიანობის გაფართოებას შეძლებს.

ახალგაზრდამ ფრანგულ-ამერიკულ საგრანტო პროექტის (HERA) ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და ახალი დანადგარი შეიძინა, რითიც შეძლებს როგორც განსხვავებული დიზაინის ფეხსაცმელის შეკერვას, ასევე დაზოგავს დროს.

ნინო თელავის მეწარმე ქალთა კლუბის აქტიური წევრია და გამოფენებშიც ხშირად იღებს მონაწილეობას. ეს მას საშუალებას აძლევს, საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გააცნოს.
ნინო ამბობს, რომ აღნიშნული გრანტის მიღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მანამდე მას დანადგარი არ ჰქონდა და ფეხსაცმელს ხელით კერავდა.

,,მივიღე მონაწილეობა ფრანგულ-ამერიკულ საგრანტო პროექტში (HERA) და მოვიპოვე დაფინანსება, რის შედეგადაც შევიძინე ახალი დანადგარი. მისი საშუალებით შემიძლია დავზოგო უამრავი დრო და ისე ვაწარმოო მომხმარებლისთვის ახალი მოდელები. პროექტი ,,ჰერა” მიზნად ისახავს მეწარმე ქალების გაძლიერებას. ის ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და კიდევ ერთი ნაბიჯი აღმოჩნდა წარმატებისკენ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს.


ვიდრე დაფინანსებას მოვიპოვებდი, მიწევდა ხელით მუშაობა, რაც ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა. ახლა კი შევძლებ ნებისმიერი სირთულის დიზაინის ფეხსაცმლის დამზადებას. ახლო მომავალში მათთვის ვინც უკვე სარგებლობს, ან აპირებს ისარგებლოს ჩემს მიერ შეთავაზებული შესაძლებლობით, ატაროს უნიკალური ხარისხის, ინდივიდალურად დამზადებული ფეხსაცემელი, მექნება ბევრი პოზიტიური სიახლე.

უახლოეს მომავალში მაქვს კონკრეტული გეგმა, რომ ინდივიდიალური შეკვეთების პარალელურად გავაკეთო შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ფეხსაცმელი”,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო მრელაშვილმა.

ახალგაზრდა ხელოვანი, მხატვარი და დიზაინერი, რამდენიმე წელია სხვადასხვა სახის ფეხსაცმელს კერავს. იგი მოდელის ფერს, სამუშაო მასალას და დიზაინს თავად არჩევს და საკუთარი ხელით კერავს. ნინო ფეხსაცმელს ჯინსით, ტილოთი, დეკორატიული გიპიურით და სხვა მასალით კერავს, გასალამაზებლად კი მოიხმარს მეტალებს, ფერად თვლებს, ფარფლებს და სხვა.
მისი შეკერილი სხვადასხვა სტილის ზამთრის თუ ზაფხულის ფეხსაცმელი ყველა მნახველის მოწონებას იმსახურებს.

,,ვარ ვიზუალური მხატვარი და დიზაინერი. დამთავრებული მაქვს ქალაქ თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა და თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. რაც თავი მახსოვს ვხატავ, ბავშვობიდან დღემდე. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ხატვასთან ერთად მალევე აღმოვაჩინე მოდის დიზაინისადმი ჩემი განსაკუთრებული სიყვარული. ერთხელ დედასთან ერთად ვსეირნობდი მაღაზიებში და მახსოვს ქალის ფეხსაცმლის სექციაში შესვლისას ჩემი აღფრთოვანება.

ყველა მოდელი ძალიან შთამბეჭდავი იყო. თუმცა, ვფიქრობდი რომ, მათ რაღაც აკლდა სრულყოფილებისთვის. სახლში დაბრუნებისას ავიღე ძველი ტყავის ჩანთა და სწორედ მაშინ შევკერე ჩემი პირველი ფეხსაცმელი. ამავე პერიოდში გადავწყვიტე, რომ ტყავი არ იყო საკმარისი მასალა სამუშოდ, მინდოდა რაიმე ახალი ექსკლუზიური და გავაკეთე მინის ფეხსაცმელი.

მასალად გამოვიყენე ისეთი მინის ნივთები, რომლებიც გადასაყრელად იყო გამზადებული. მინის ფეხსაცმელმა მალევე მოიპოვა მოწონება. მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენა-კონკურსებში სადაც, ამ ეგზემპლიარს ეწოდა სახელი “ბროლის ქოში” რის შედეგადაც მიღებული მაქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები. ჩემი პირველი “ბროლის ქოში” დაცულია თბილისის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში’‘,- განაცხადა ნინო მრელაშვილმა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე სახლში მუშაობს და ინდივიდუალურ შეკვეთებს იღებს. რაც შეეხება დიზაინს და ფერს თავად მომხმარებელი არჩევს. მას აქვს საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელშიც, რისი დახმარებითაც ნამუშევრებს ფართო საზოგადოებას აცნობს.

,,აკადემიის დასრულების შემდეგ ვკერავდი მცირე რაოდენობის გაზაფხული-ზაფხულის მოდელებს, რომლის რეალიზაციაც ხდებოდა რამდენიმე მაღაზიაში: თელავში, თბილისში, გორში და ონლაინ. ამ ეტაპზე ვმუშაობ სახლში, ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთებს. მომხმარებლის სურვილისამებრ ვკერავ ნებისმიერი სტილის და სეზონის ფეხსაცმელს. ასევე ჩემს მომხმარებელს აქვს საშუალება, აირჩიოს მოდელი ჩემი შექმნილი ექსკლუზიური ესკიზების პორთფოლიოდან. ამით მათ უადვილებათ სასურველი ფეხსაცმლის არჩევა. რაც შეეხება მასალას, ჩემთან შესაძლებელია შეკვეთის შესრულება როგორც ნატურალური ტყავით, ასევე ტყავის შემცვლელით (დერმატინით) ჯინსით, ტილოთი, დეკორატიული გიპურით, პადოშით და ა.შ”,- აცხადებს ნინო Knews.ge-სთან საუბრისას.

ახალგაზრდა ხელოვანი აამბობს, რომ ფეხსაცმლის შესაკერად საჭირო მასალას სხვადასხვა სპეციალურ მაღაზიაში ყიდულობს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის. მისივე თქმით, ფეხსაცმლის კერვის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და საკმაოდ შრომატევადია. ნინო სამომავლოდ საკუთარი ატელიეს გახსნას გეგმავს.