ქართული სატელევიზიო არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
რვა ქართული ტელევიზია საკაბელო ოპერატორებისგან გადასახადს ითხოვს.
ქართულ ტელევიზიებს სურთ, რომ კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე 3 ლარი გადაიხადონ, ამას კიდევ დღგ უნდა დაემატოს. ტელევიზიებმა საკაბელო ოპერატორებს დრო პირველ აგვისტომდე მისცეს.
საქართველოში საკაბელო ტელევიზიით 709 ათასი აბონენტი სარგებლობს. სწორედ ამდენ პირს შეიძლება გაუძვირდეს სერვისი, თუ ქართული არხების ჩართვას გადაწყვეტს. საკუთარი კონტენტის რეტრანსლირებისთვის თანხის გადახდას რვა ტელევიზია ითხოვს, ესენია: “იმედი”, “ჯიდიეს თივი”, “მაესტრო”, “რუსთავი 2”, “პოს ტვ”, “ტვ პირველი”, “ფორმულა” და “მთავარი”.
საკაბელო სერვისის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები კი ქვეყანაში “მაგთიკომი” და “სილქნეტი” არიან. ტელევიზიების მოთხოვნა მათ კომუნიკაციების კომისიაში აქვთ გასაჩივრებული, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. სამაგიეროდ საუბარს არ ერიდებიან “საკაბელო ტელევიზიების კავშირში”, რომლებიც რვა ტელევიზიის მოთხოვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, გაურკვეველია, როგორ დაითვალეს ტელევიზიებმა თითოეულ აბონენტზე 3-ლარიანი გადასახადი. ასევე მათი შეფასებით, მხოლოდ საკაბელოებისთვის თანხის მოთხოვნა დისკრიმინაციულია, რამდენადაც ქართული არხები ღია ეთერში სხვა საშუალებებითაც არის ხელმისაწვდომი, როგორიცაა მაგალითად ჩვეულებრივი ანტენა, რომლითაც მომხმარებელი ქართულ სატელევიზიო არხებს უფასოდ უყურებს.
ტელევიზიების მოთხოვნა ყოველ აბონენტზე 3 ლარის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით უმსხვილეს საკაბელო ოპერატორებს გასაჩივრებული აქვთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ტარიფების მოქმედება ავტომატურად ჩერდება. რა შეთანხმებამდე მივლენ მხარეები პირველ აგვისტომდე და გაითიშება თუ არა ქართული ტელევიზიები საკაბელოების მომხმარებლებისთვის, დღეს რთული სათქმელია, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტომდე სულ ერთი დღეა დარჩენილი. კომუნიკაციების კომისიაში ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ.