ახალი ამბები

როდის მოგვარდება წყლის პრობლემა კახეთში

კახეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა წლებია წყლის პრობლემაზე საუბრობს. მათი თქმით, გრაფიკით მიწოდებული წყალი არასაკმარისია, რადგან მისი რაოდენიბა იმდენად მცირეა, შეუძლებელია მარაგის აღება.

მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლებში წყლის პრობლემასთან ერთად მისი ხარისხი აწუხებთ, რადგან ონკანს ხშირად ნაგავი და ჭიები მოჰყვება.

ადგილობრივების თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ყოველწლიურად უამრავი თანხა იხარჯება, თუმცა უშედეგოდ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მოსახლეობას წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ. ამ საკითხის მოგვარების მოთხოვნით მათ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, არც არავინ დაინტერესებულა და არც წყლის პრობლემა მოგვარებულა.

,,წლებია წყლის პრობლემა გვაქვს. ვითომ გრაფიკით მოდის, მაგრამ ხან ერთი კვირა ისე გადის წყალი არ გვაქვს. როცა მოდის ან ამღვრეულია წვიმების გამო, ან ნაგავი და ჭიები მოჰყვება.. ამ საუკუნეში ასეთი პრობლემა რატომ უნდა გვქონდეს?”,-
განუცხადეს knews.ge-ს სოფელ კონდოლში მცხოვრებლებმა.

სოფელ კონდოლში მცხოვრებლების მსგავსად წყლის პრობლემაზე ჩივის თელავის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მოსახლეობაც. მათი განმარტებით, პრობლემის დროულად მოგვარება აუცილებელია, რადგან უწყლობის გამო მათ სასმელი და სხვა საჭიროების წყალი ხელით მოაქვთ.

,,პრობლემა უფრო მწვავდება როცა ცხელა. კილომეტრების გავლა გვიწევს, რომ ხელით მოვიტანოთ დასალევი ან სარეცხისთვის საჭირო წყალი. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ მოგვარდება ეს პრობლემა მაგრამ არ დაადგა საშველი”
,- აცხადებენ knews.ge-სთან საუბრისას სოფელ ნაფარეულში მცხოვრებლები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, რომ უწყება წლებია სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

მისივე განმარტებით, თელავის სოფლებში არ არის წყალმომარაგების სრულყოფილი სისტემები, არ არის გამართული სათაო ნაგებობები და ამორტიზებულია სასმელი წყლის შიდა ქსელები რაც წყალმომარაგების პრობლემას ქმნის.

დავით ქსოვრელიშვილის თქმით, ამას ხელს უწყობს ასევე მოსახლეობის მიერ წყლის მარაგის სარწყავად დამოყენების ფაქტები.

,,თელავის მუნიციპალიტეტის მერია ოპერირებს სოფლებში, გარდა კურდღელაურისა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ კუთხით არსებული მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, თუმცა ვიცით, რომ ძალიან დიდი პრობლემებია წლების განმავლობაში დაგროვილი.

არ გვაქვს წყალმომარაგების სრულყოფილი სისტემები, არც სათაო ნაგებობებია ახალი, ამორტიზებულია სასმელი წყლის შიდა ქსელები, არ არის გამრიცხველიანება და ამიტომ მოსახლეობა ბოსტნების მორწყვის პერიოდში ბევრ წყალს იყენებს.

წყალმომარაგების მხრივ კარგი მდგომარეობა გვაქვს სოფელ ყარაჯალაში, სადაც 80 ჭაბურღილია და ეს აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. კარგი მდგომარეობაა იყალთოში, რუისპირში, ნასამხრალში, სადაც გაკეთდა წყლის სისტემა და მოეწყო ჭაბურღილი. გულგულაში და წინანდალში მიმდინარეობს პროექტების განხორციელება სასმელი წყლის მომარაგების გაუმჯობესებაზე.

მინდა მივმართოთ მოსახლეობას, რომ გაგებით მოეკიდონ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არ დახარჯონ უკონტროლოდ წყალი. ეს პრობლემაა ქვემო ხოდაშენში, ბუშეთში, აკურაში, ნაფარეულში, ფშაველში და კონდოლში. ამ სოფლებს წყალი მიეწოდებათ, მაგრამ გარკვეული ნაწილი წყალს ხარჯავს მოსარწყველად და ამის გამო იქმნება პრობლემები. ყოფილა შემთხვევა სამი დღის განმავლობაში წყლის გარეშე დარჩენილა სოფელი.

ჩვენ სოფლებში სხვადასხვა სახის პროექტებს ვახორციელებთ, ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სოფლების წყალმომარაგება”,- განუცხადა Knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.

მისი განმარტებით, ასევე თელავს არ აქვს გამართული საქლორატოროები და წყლის გამწმენდი ნაგებობები, თუმცა ისინი ცდილობენ მოსახლეობამდე სუფთა წყალი მივიდეს. დავით ქსოვრელიშვილის განცხადებითვე, მათ მიერ ხდება წყლის ხარისხის ხშირი კვლევა.
გარდა სოფლებისა, მერია ასევე ქალაქში ბუნებრივი წყლების შემოწმებას ახდენს.

,,ვცდილობთ შეძლებისდაგვარად სუფთა წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას, რადგან არ გვაქვს გამართული საქლორატოროები და გამწმენდი ნაგებობები. რაც შეეხება ქალაქ თელავს, წყალმომარაგების კომპანიის გარდა, ჩვენ წელიწადში ორჯერ ვანხორციელებთ საუბნო წყაროების ლაბორატორიულ შემოწმებას.

ახლა დავამთავრეთ ეს პროცესი. ყველა ბუნებრივი წყალი რომელიც ქუჩებში მოედინება სასმელად ვარგისია, მხოლოდ ოთხი ჭაბურღილის გარდა. ესენია: ქეთევან წამებულის ქუჩაზე 5-7 კორპუსების მიმდებარედ 3 წყარო და ასევე ე.წ. ,,კაკლის წყარო”. ეს დადასტურებულია, რომ სასმელად უვარგისი წყალია.”

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ნაფეტვარიძე აცხადებს, რომ კომპანია ოპერირებს რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, ძირითადად ქალაქებში. ასევე მუშაობენ რეგიონის რამდენიმე სოფელში, წყლის სათავეე ნაგებობებზე.

მისი თქმით, წყლის პრობლემა, გაუმართავი სისტემები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია, თუმცა კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებით გეგმავს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას.

,,ჩვენი ვალდებულებაა წყლის მოპოვება, დამუშავება, მიწოდება აბონენტამდე და ამავდროულად ყველანაირად ოპერირებას ვუწევთ ქსელს. წყალი იქლორება მუდმივად და ანალიზების აღება და შემოწმება კი ხდება ყოველდღიურად. ყველა სერვისცენტრში გვაქვს ლაბორატორია. წყლის აღება ქალაქში რამდენიმე წერტილში ხდება, ეს არის იმის დასტური, რომ თუ სადმე მოხდა დაბინძურება, მაშინვე მივხვდებით. სინჯის ასაღებად კი ლოკაციები იცვლება, ხან ერთ უბანზე ვიღებთ სინჯს, ხან მეორე.

თელავში გვაქვს 6-7 სათამდე წყლის გრაფიკი. მონაცწმები წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია. წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ჩვენ გვაქვს გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი და ალბათ ერთ თვეში დაიწყება სამუშაოები. თელავში ნაწილობრვ არის მოსაწესრიგებლი წყლის ქსელი. ამაზეც გვაქვს პროექტი და დაგეგმილია მთლიანი ქსელის და მრიცხველების მოწესრიგება.

სამუშაოები წელიწადნახევარში დასრულდება, რომლის შემდეგაც თელავი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. რაც შეეხება წყლის სათავე ნაგებობებს, რაც ჩვენ გვეხება, ყურადღება ექცევა, დაცულია და ზოგან მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ასევე მუნიციპალიტეტებში წყლის გრაფიკი შემდეგნაირია. თელავში გვაქვს 6- 7 სათამდე, გურჯაანში 12 საათიანი, ლაგოდეხში ქალაქში 24 საათიანი, რამდენიმე სოფელში კი გრაფიკით, ყვარელში გვაქვს 7 საათიანი წყალმომარაგება, დედოფლისწყაროში 6 საათიანი, ახმეტაში 24 საათიანი, საგარეჯოში მოსახლეობის 30%-ს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს და 40% -ს 4 საათიანი, სიღნაღში, წნორში 7 საათიანი წყალმომარაგება გვაქვს. ანუ ყველგან, სადაც წყალმომარაგების პრობლემაა, განხორციელდება მსხვილი პროექტები. ეს ერთჯერადად გასაკეთებელი სამუშაო არ არის და ამას დრო სჭირდება”,– განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ნაფეტვარიძემ.

წყალმომარაგების მიმართულებით რეგიონში არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე საუბრობს ოპოზიცია.

ლეიბორისტული პარტიის კახეთის ოფისის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი აცხადებს, რომ კახეთის რეგიონში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად მილიონები იხარჯება, თუმცა პრობლემა არ მოგვარებულა.

,,წყალმომარაგება ძალიან დიდი პრობლემაა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისთვის. მე მახსენდება ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი, ვგულისხმობ გუბერნატორ შიოლაშვილს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე მოსვლისას გააკეთა განცხადება, რომ ერთ წელში თელავს 24 საათიანი წყალი ექნებოდა.
ამ მიმართულებით არამიზნობრივად დახარჯულია მილიონები. დღეს თელავს არ აქვს წყალი, სამაგიეროდ დიდ ქონებას ფლობს ყოფილი გუბერნატორი რომელიც ამის მოგვარებას გვპირდებოდა. როცა საკრებულოს წევრი ვიყავი და თელავში წყლის ძველი სისტემის ახლით შეცვლა მიმდინარეობდა, მეც კი რომელმაც არ ვიყავი კომპეტენტური ამ სამუშაოებში, ვხედავდი, რომ უხარისხოდ კეთდებოდა.
მაშინ დავაყენე ამ საკითხზე ინიციატივა საკრებულოში, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელები ჩამოსულიყვნენ და ადგილზე ენახათ რა ხდებოდა. სამუშაოების დროს აზიანებდნენ ყველაფერს, ქვაფენილს და გვინდოდა ეს ენახათ, თუმცა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

ცოტა ხნის წინ ჩვენს უბანში, სადაც ვცხოვრობ დაზიანდა წყლის ცენტრალური ჩამკეტი და გვინდოდა უბნის წყალი გადაგვეკეტა. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ანუ რაღაც რომ მოხდეს და კონკრეტულ უბანში იყოს დაზიანება, მთლიანი ქალაქი უნდა გამოირთოს და დარჩეს წყლის გარეშე. სისტემა როცა ახლით შეცვალეს, ამას უნდა შეემცირებინა წყლის დანაკარგის რაოდენობა თუმცა ახლიდან ძველ სისტემაში ისე ხვდება წყალი, ვერ იგებენ. არ გაკეთებულა არანაირი პროექტი ან ნახაზი. მილიონებია გადაყრილი და სამუშაოები არ არის შესრულებული’‘,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების, მათ შორის 24 საათიანი მოწოდებისთვის, თანხები რამდენჯერმე გამოიყო.

მხოლოდ 2020 წელს, წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის, 11 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. 7 მილიონამდე თანხა თელავისათვის აზიის განვითარების ბანკმაც გამოყო.