ახალი ამბები

თელავის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება

17 ივლისს, 17:00 საათზე, თელავის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლები ისაუბრებენ ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე და სხვა სკოლების ჩართვის  შესაძლებლობებზე. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრები მოისმენენ მარიამ სუმბაძის ლექციას თემაზე: „მომავლის პროფესიები” და დავით კიზირია ლექციას თემაზე: „მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია და როგორ იცვლება ჩვენი სამყარო ტექნოლოგიებთან ერთად”.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მონაწილეები ასევე შეხვდებიან დიდი ტექნოლოგიური გამოცდილების მქონე ადგილობრივ კომპანიას “Egeekowl”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით 6 თვეა დაიწყო პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“. პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პირველ ეტაპზე ჩართული 25 სკოლიდან, თელავის 3 სკოლაა, სადაც მოსწავლეები პროგრამირების საწყისებს სწავლობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონალური შეჯიბრებები, სადაც თელავის სახელით აღნიშნული სკოლები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.