თელავში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდის ხელნაკეთი ჩანთები
თელავში მცხოვრები 23 წლის მარი ხახიაშვილი სხვადასხვა სახის ქსოვილისგან ხელნაკეთ ჩანთებს ამზადებს.
მას კერვა ბავშვობიდან მოსწონდა, თუმცა საყვარელი საქმე ბიზნესად სულ რამდენიმე თვეა აქცია. იგი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკოლოგიის მაგისტრატურის II კურსზე სწავლობს, თუმცა ეს საყვარელი საქმის კეთებაში ხელს არ უშლის.
,,ბავშვობიდან მეხერხება კერვა და სხვადასხვა ნივთების დამზადება თუმცა ამ ყოველივეს სერიოზული სახე წელს მივეცი, როდესაც პანდემიისა და პატარას გამო ვერსად ვერ ვმუშაობდი. მოვიფიქრე დამეწყო ჩანთების კერვა. სახლში მქონდა ძველი არამუშა მდგომარეობაში მყოფი ხელის საკერავი მანქანა, რომელიც შევაკეთებინე, ვიყიდე საჭირო ნივთები და დავიწყე კერვა.
ერთი ჩანთის დამზადებას 2 დღე უნდა. ვკერავ გობელენით, რომელიც ძალიან ჰგავს ძველ ქართულ ნაქარგს, ასევე მოხარშული ტილოთი და სხვა. ყველა ჩანთას აქვს სარჩული, ვკერავ სურვილისამებრ შიდა ან გარე ჯიბით, ელვა თუ სხვა სახის შესაკრავებით. მაინტერესებს ტყავზე მუშაობა და სამომავლოდ ვფიქრობ ეს მიმართულებაც ვცადო. ჩანთების დიზაინს თავად ვქმნი”,- განუცხადა knews.ge-ს მარი ხახიაშვილმა.
ახალგაზრდა შეკერილ ჩანთებს ინტერნეტით ყიდის. მისი თქმით, აღნიშნული საქმე შრომატევადია, თუმცა მისთვის ეს სასიამოვნო პროცესია.
,,როცა პირველი ნამუშევრები განვათავსე სოციალურ ქსელში, ერთ- ერთ ჯგუფში, იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მივხვდი ჩემი საქმე არ უნდა შემეწყვიტა. თუმცა იმაზე რთული აღმოჩნდა რეალიზება ვიდრე წარმომედგინა.
სულ მალე თბილისიდან მოვიდა შემოთავაზება, რომ ჩემს ჩანთებს ჩაიბარებდნენ და ეს გახდა სტიმული, რათა არ შემეწყვიტა საქმე. ვიღებ როგორც ინდივიდუალურ და მაღაზიებიდან დიდი რაოდების შეკვეთებს. სოციალური ქსელი კი მეხმარება ცნობადობის ამაღლებაში. რადგან პარალელურად ვსწავლობ და თან მყავს პატარა, ძირითადად ღამე ვმუშაობ”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას მარი ხახიაშვილმა.
მარი ჩანთების შესაკერად საჭირო მასალას ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს. როგორც თავად ამბობს, მისი ერთ-ერთი გამოწვევა ქსოვილების სიძვირეა, რომელიც მის მიერ დამზადებული ჩანთების ფასზეც ახდენს გავლენას.
,,ჩანთებისთვის მასალას ვყიდულობ ადგილობრივ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დიდი არჩევანი, მაინც ვცდილობ ვიყიდო განსხვავებული ქსოვილი. თავდაპირველად ვმუშაობდი ბიაზზე, რომელსაც ჯერ ვრეცხავდი ვაშრობდი და შემდეგ ვჭრიდი შეკერვამდე კი ორთქლის უთოთი ვაუთოებდი.
მზა ჩანთებზე ვხატავდი წყალგამძლე საღებავებით სხვადასხვა ნახატებს. ახლა ეს საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი გავხადე და ვიყენებ სხვადასხვა სახის ქსოვილებსაც.”
ახალგაზრდა ხელოვანის განმარტებით, მისი სამომავლო გეგმაა საქმიანობის მეტად გამრავალფეროვნება. მისი თქმით, აუცილებელია მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ სხვადასხვა ორგანიზაციების თუ სახელმწიფოს მხრიდან.