ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა ახალგაზრდამ თავის მოვლის საშუალებების წარმოება დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ნატა მიმინოშვილმა, ქალისა და მამაკაცისთვის თავის მოვლის საშუალებების წარმოება დაიწყო.

ახალგაზრდა, ,,ნარცისის” ბრენდის ქვეშ, მეორე წელია აწარმოებს მკვებავ კრემებს, კოსმეტიკურ საპონს, კოსმეტიკურ რძეს, ბალზამებს და მაზებს.

როგორც თავად ამბობს, მის მიერ ხელით დამზადებული სახის კანის და მამაკაცებისთვის წვერის მოვლის საშუალებები ნატურალური პროდუქციაა, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს.

,,ყველა პროდუქცია, რომელსაც ხელით ვამზადებ, ნატურალური პროდუქტებით არის დამზადებული. მაგალითად: მკვებავი კრემი დამზადებულია ავოკადოს ზეთზე, კაკაოს ცხიმზე და შეიცავს ვიტამინებს, კოსმეტიკური საპონი ღრმად წმენდს კანს, აცილებს მკვდარ უჯრედებს და ასევე, ეფექტურია ლაქების მოსაცილებლად. კოსმეტიკური რძე დამზადებულია ნუშის რძეზე., ის ძალიან კარგია მაკიაჟის მოსაცილებლად., გამონაყარის სამკურნალო მაზი კი რამდენიმე დღეში იძლევა საოცარ შედეგს. გარდა ამისა, გვაქვს თავის მოვლის საშუალებები მამაკაცებისთვისაც”,– აცხადებს ნატა მიმინოშვილი.

ახალგაზრდა აცხადებს, რომ კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიმართულებით მან გადამზადება რამდენიმე წლის წინ გაიარა.

მისი თქმით, სანამ წარმოებას ოფიციალურ სახეს მისცემდა და ბრენდს შექმნიდა, აღნიშნული მიმართულებით საქმიანობდა და მომხმარებელიც ყავდა, სწორედ ამან გადააწყვეტინა ,,ნარცისის” ბრენდის შექმნაც.

,,კოსმეტიკური სახის მოვლის საშუალებების წარმოება არის ჩემი ძირითადი პროფესია. 10 წლის უკან დავამთავრე კოსმეტოლოგიის კურსები და მაშინ ვმუშაობდი ამ მიმართულებით სალონშიც. ვფიქრობდი, სახის მოვლის საშუალებების წარმოება ცუდი არ იყო. დაინტერესება ისედაც იყო და ყოველთვის მყავდა მომხმარებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უკეთ განმევითარებინა ეს მიმართულება. მოთხოვნა კი ნელ-ნელა იზრდება”,- განაცხადა ნატა მიმინოშვილმა.

ნატა ამბობს, რომ შეკვეთას ინტერნეტის საშუალებით იღებს და მოხმარებელთან ფოსტის საშუალებით აგზავნის. მისივე თქმით, გარდა თავის მოვლის საშუალებებისა, ის ასევე ,,არომატის” სოფლის მეურნეობის კუთხითაც საქმიანობს და ნატურალურ წვენებს და მურაბებს ამზადებს.

,,ეს არის ოჯახური წარმოება ძირითადად და დასაქმებული გვყავს 5 ადამიანი. ნატურალური პროდუქტების, წვენების და მურაბების წარმოებაც არის ჩემი ძირითადი საქმიანობა. ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის სუფთა და ნატურალური პროდუქტით. მოთხოვნაც გვაქვს და გაყიდვებიც, შეკვეთებს ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ვიღებთ. გარდა ამისა, წარმოების პოპულარიზაციისთვის, მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა ღოისძიებებში და გამოფენებში.”

ნატას თქმით, სამომავლოდ წარმოების გაფართოვებას გეგმავს. ახალგაზრდა გეგმავს ქსელურ მარკეტებში თავისი წარმოებული პროდუქციის შეტანას და საექსპორტო ბაზრების მოძიებას.