ახალი ამბები

გურჯაანის გასტრონომიული აკადემიის კურსდამთავრებულები მაღალანაზღაურებადი სამსახურებით იქნებიან გარანტირებულები

ახალგაზრდები, რომლებიც გურჯაანის გასტრონომიულ კადემიაში მიიღებენ განათლებას, მაღალანაზღაურებადი სამსახურებით იქნებიან გარანტირებულები,- ამის შესახებ გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების სკოლის პროექტის ინიციატორმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აკადემია 400 სტუნდეტს მიიღებს და აქ ახალგაზრდები შეძლებენ, ისწავლონ გასტრონომიასთან დაკავშირებით ყველაფერი – კულინარიიდან დაწყებული, რესტორნის მართვით დასრულებული.

მისივე თქმით, სტუდენტების 15% უცხოელი იქნება და მათ მოზიდვასაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. როგორც დავით სონღულაშვილი ამბობს, გურჯაანის კულინარიის აკადემია სავარაუდოდ 2024 წლის შემოდგომაზე, ან მაქსიმუმ 2025 წლის გაზაფხულზე გაიხსნება და ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას და ქართული გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების აკადემიის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება. გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა 2022 წელს დაანონსდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და დაახლოებით 17 მლნ ლარია ინვესტიცია ხორციელდება.