რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით- ბლოგი
ზაფხულის ცხელი დღეები ყოველგვარი დისკომფორტის და ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე რომ გავატაროთ, ამისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აძლევს.
ზედმეტად ცხელ ამინდში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები. ეს კი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.
განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან: ახალშობილები, ბავშვები და მოხუცები, ადამიანები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ადამიანები ენდოკრინული და ნევროლოგიური დარღვევებით, ინდივიდები, რომლებიც იღებენ ზოგიერთ მედიკამენტს (ფენოთიაზინები, ბარბიტურატები, დიურეტიკები), ჭარბი წონის მქონე ადამიანები. ფიზიკური პირები, რომელთაც მუშაობა უწევთ არავენტილირებულ გარემოში, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები.
სითბური დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა ნებისმიერმა ადამიანმა გაითვალისწინოს საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, რათა თავიდან აიცილოთ სითბოსთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილობა:
ეცადეთ იყოთ სიგრილეში, კარგად კონდიცირებად გარემოში, რაც პირველ დამცავ ფაქტორს წარმოადგენს სითბოსთან დაკავშირებული ავადობის და სიკვდილობის პრევენციაში. ასევე დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (თუ ექიმი გიზღუდავს დიდი ოდენობით სითხის მიღებას, ჰკითხეთ, რა მაქსიმალური რაოდენობის სითხის მიღება შეგიძლიათ ცხელი დღეების განმავლობაში), აუცილებლად შეზღუდეთ ალკოჰოლი და ზედმეტად ტკბილი სასმელის მიღება, ასევე ზედმეტად ცივი წყალი (შესაძლოა განვითარდეს კუჭის სპაზმი), მიიღეთ მინერალები და მარილები, ატარეთ ღია შეფერილობის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი ფერის სათვალეები, სიფრთხილით დაგეგმეთ გარეთ შესასრულებელი სამუშაოები, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებში და მოხუცებში, ცხელ ამინდში სწრაფად ვითრდება დეჰიდრატაცია. ამიტომ, ხშირად შესთავაზეთ მათ სითხე არ დატოვოთ ბავშვები და მოხუცები მანქანაში უმეთვალყურეოდ.
მარიამ ოქროცვარიძე