გურჯაანში ვაქცინაციის მობილური ცენტრი ამოქმედდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მობილური ცენტრი ამოქმედდება.
ამცრელი ოთხი კაბინეტის გარდა, გურჯაანში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მობილური ცენტრიც ჩაატარებს. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მანანა გოგაშვილის განცხადებით, მობილური ჯგუფი იმ ადამიანების ასაცრელად იქმნება, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია.
“მობილური ჯგუფი მოემსახურება აცრის მსურველ მოქალაქეებს, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამ ჯგუფის გადაადგილებას კი მერია უზრუნველყოფს. ეს სერვისი იმუშავებს მათთვის, ვისაც აცრის კაბინეტამდე მისვლა არ შეუძლია. მთლიანობაში, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ჩათვლით იქნება აცრის ექვსი პუნქტი და სავარაუდოდ, შეფერხება არ უნდა მოხდეს”- განაცხადა მანანა გოგაშვილმა.
მისი განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად, ვაქცინაციის კაბინეტები ველისციხის, ბაკურციხისა და კაჭრეთის ამბულატორიებში ამოქმედდება.
აცრის პუნქტი ფუნქციონირებას დაიწყებს ფრანგულ სამედიცინო-ცენტრ “კახეთი -იონშიც”.