თელავში მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაიმართება
3 და 4 ივლისს თელავში, ცენტრალურ მოედანზე სტარტაპ ექსპო გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ახალგაზრდა მეწარმის ინიციატივით მოეწყობა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და საფინანსო ორგანიზაცია კრისტალ კონსალტინის დახმარებით.
ღონისძიების იდეის ავტორის და პროექტის „თელავი სტარტაპ ექსპო“ მენეჯერის, ნატო ქურციკაშვილის განცხადებით, მეწარმეთა მხარდაჭერა ასეთი აუცილებელი არასდროს ყოფილა.
მისი თქმით, სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ქალაქ თელავში, ცენტრალური სივრცე მეწარმე ქალებს დაეთმობათ. ისინი საკუთრი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე გატანას შეძლებენ. აღნიშნული ექსპოს მიზანი, ქალი მეწარმეების აქტივობისა და მათი ბიზნესის პოპულარიზაციის ზრდაა.
,,პანდემიის პერიოდში მცირე მეწარმეები რთული გამოწვევების წინაშე დადგნენ. მე თავად მაქვს მცირე ბიზნესი და ეს სირთულეები ჩემს თავზე გამოვცადე. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეებისთვის გვერდში დგომა, რათა მათ დაძლიონ არსებული სირთულეები და ახალი ძალებით გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა გამოფენა-გაყიდვა, „თელავი სტარტაპ ექსპო“.
აღნიშნული ექსპო მოეწყობა თელავის მერიის და კრისტალ კონსალტინის დახმარებით. ღონისძიების მიზანია, დავეხმაროთ მეწარმეებს ბიზნესის პოპულარიზაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მეწარმეებმაც გაიცნონ ერთმანეთის პროდუქტი, ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი. ეს ღონისძიება არ იქნება ერთჯერადი, დიდი სურვლი მაქვს, რომ ეს იყოს დასაწყისი სამომავლო მნიშვნელოვანი აქტივობების. ჩვენი რეგიონის აქტიური ქალების წახალისებით და თანადგომით გარკვეულ წვლილს შევიტანთ მათი საქმიანობის წარმატებაში, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,- განუცხადა Knews.ge-ს ნატო ქურციკაშვილმა.