ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხეში წყალში ქვეწარმავლები იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში სასმელი წყლის სათავე ნაგებობაში, წყლის ავზში ადგილობრივმა ჭიები და ქვეწარმავლები იპოვა.

რამაზ ჩირიკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები, სადაც წყლიდან ამოღებული ქვეწარმავლები ჩანან. მისი თქმით, ქვეწარმავლები უკვე გახრწნილ მდგომარეობაში სათავე ნაგებობაში, ავზში დაგუბებულ წყალში იპოვა, საიდანაც სოფელი სასმელი წყლით მარაგდება. რამაზ ჩირიკაშვილის ინფორმაციით, სოფელში ონკანში წყალს ქვეწარმავლები და ჭიები ხშირად მოყვება.

,,მთის წყალში, აუზში საიდანაც სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება ვიპოვე დღეს ეს ქვეწარმავლები. აუზი არის გასარემონტებელი, ნაგვით და ქვეწარმავლებით სავსე. ხშირად ასევე წყალს ჭიები მოჰყვება. ის რომ ადამიანმა ჩაყლაპოს რა მოუვა? ამ დაბინძურებული წყლის დალევით უამრავი დაავადება ჩნდება, ვითომ მერია უვლის სათავე ნაგებობას და ზრუნავს წყლის ხარისხზე, მაგრამ ასე არ არის. ერთი მოხუცი კაცია მომაგრებული, დილით ამოვა წყალს გაუშვებს ხოლმე, საღამოს კი ადის და კეტავს. მხოლოდ ეს არის მიხედვა”,- განუცხადა Knews.ge-ს რამაზ ჩირიკაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე მიაწოდეს. რამაზ ჩირიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სოფლის ეს პრობლემა დროულად არ მოგვარდა, საპროტესტო აქციას გამართავენ და გზას გადაკეტავენ.

,,წყალში ქვეწარმავლები რომ ვიპოვე, ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ მერიასაც. გვითხრეს დავქლორავთ და გამოსწორდება პრობლემაო. ეს რას უშველის როცა ავზს არა სწორად აფარია სახურავი. ქვეწარმავალი რომ ავზში ჩავარდება და დალპება დაქლორვა რას უშველის. სოფელში წყალი გრაფიკით მოდის მაგრამ არასაკმარისია. ეს. ან როგორ უნდა მოვიდეს წყალი, როცა ის ავზი, რაშიც ხეობიდან მოსული წყალი უნდა ჩავიდეს დაბინძურებული და გაბზარულია. როცა ის დაზიანებული ავზი წყლით გაივსება, მეორე ავზში მაშინ იწყება წყლის მოგროვება. სოფლის პრობლემები მხოლოდ მაშინ აინტერესებთ, როცა ჩვენი ხმები უნდათ საარჩევნოდ. ისე კი ყურადღებას არ გვაქცევენ.

საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ყველაფერს. მაგალითად: ზამთარში მოვიდნენ, გვითხრეს 20 000 ლარია გამოყოფილიო, გავარემონტებთო წყლის ავზს და გარეგანათებასაც გავაკეთებთო. სასმელი წყლის მილი შეადუღეს მხოლოდ და გაქრნენ. არც წყალი გააკეთეს და არც ყურადღება მოგვაქციეს. ასე გვატყუებენ უკვე 10 წელზე მეტია. იმ შემთხვევაში თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას და ამ ელემენტარულ პრობლემას არ მოგვიგვარებენ, გზას და რკინიგზას გადავკეტავთ”,– განაცხადა რამაზ ჩირიკაშვილმა.

როგორც Knews.ge-ს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისის დირექტორმა ლევან წინწალაშვილმა განუცხადა, საკითხით დაინტერესდებიან და მოხდება ავზების გაწმენდა.

,,ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს წყლის ავზების გეგმიურ დაქლორვას. სოფლებში წყლის დაქლორვა კი გეგმიურად ხორციელდება. გეგმის მიხედვით იქლორება წყალი ბაკურციხეშიც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი შევისწავლით ადგილზე სიტუაციას და კიდევ ერთხელ მოხდება ამ ავზების დაქლორვა და გაწმენდა. სათავე ნაგებობა, წესით დახურული უნდა იყოს და არ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ ახადა და დატოვა. ავზი დაზიანებული არ არის, ახლა ადიან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სათავეზე და ნახავენ ადგილზე სიტუაციას. რაც საჭიროა მოგვარდება”,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან წინწალაშვილმა.