სოფელ რუისპირში მცხოვრები 28 წლის ნელი ბაჩიაშვილის შექმნილი ხელნაკეთი ნივთები – ფოტოები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები 28 წლის ნელი ბაჩიაშვილი ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ის სხვადასხვა სახის თექის, მინანქრის, თიხის ნამუშევრებს ქმნის და ინტერნეტის საშუალებით ყიდის.
ახალგაზრდის განცხადებით, აღნიშნული საქმით 5 წლის ასაკიდან დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობით არის დაკავებული. ნელი ამბობს, რომ ბავშვობაში თოჯინებით თამაშის მაგივრად სხვადასხვა სახის ნივთებს ძერწავდა, რომელიც დროთა განმავლობაში დახვეწა.
,,5 წლის ვიყავი პირველი ფიგურა რომ გამოვძერწე ადამიანის მსგავსი. შემდეგ ნელ-ნელა თამაშში რაღაცებს ვძერწავდი. არასდროს ვთამაშობდი თოჯინებით. ვძერწავდი ფიგურებს, სიტუაციებს ვაწყობდი და მერე ისევ ვშლიდი. წლებთან ერთად ეს თამაში გადავიდა უკვე დიდ გატაცებაში. ყოველი ახალი ფიგურა წინასთან შედარებით დახვეწილი იყო. ასე ძერწვით მივედი 24 წლამდე. შემდეგ ტიხრული მინანქარიც შევისწავლე და გავაგრძელე მუშაობა ამ მიმართულებითაც”,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ბაჩიაშვილმა.
ნელის თქმით, თექის ნამუშევრების გაკეთებით მოგვიანებით დაინტერესდა. ახლა კი მისი ნამუშევრები ყველა მნახველის მოწონებას იმსახურებს და ხშირად, მის მიერ თექისგან დამზადებულ ცხოველის ფიგურებს ნამდვილისგან რთულად თუ გაარჩევთ.
,,თექის ნემსების არსებობაზე გავიგე ერთ-ერთი თექის წრეზე, რომელზეც დედა მივიდა სასწავლად. მე ძალიან არ მიყვარდა ეს საქმე რადგან რთული და შრომატევადია. მაშინ მასწავლებელმა თქვა რომ თექის ნემსებით შეეძლოთ გაეკეთებინათ ნახატები, ეს იდეა კი ძალიან მომეწონა. ვიყიდე საჭირო ნემსები და პირველი ნივთიც გავაკეთე. ძალიან მინდოდა გამეკეთებინა ცხოველები რომელიც რეალისტურთან ახლოს იქნებოდნენ. იმედიც გამიცრუვდა რამდენჯერმე, მაგრამ არ მოვეშვი გავაგრძელე. დღეს ძალიან მიხარია რომ ხალხს მოსწონს და აფასებენ ამ ნამუშევრებს.
თექაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ რთულია და ძალიან შრომატევადი, რადგან ერთი ნემსით კეთდება ყველაფერი. მხოლოდ მატყლი გაქვს ხელში და ნემსი. სხვა არაფერი, წარმოიდგინეთ რამდენი ათასი დარტყმა სჭირდება, რომ მიიყვანო საბოლოო ფორმამდე. თექის დამუშავების შემდეგ უკვე თვალებს და ცხვირებს ვამზადებ თიხისგან და ასე მივდივართ დასრულებამდე”,- აღნიშნავს ნელი ბაჩიაშვილი.
ახალგაზრდა ხელოვანი განმარტავს, რომ თავდაპირველად ნივთებს მეგობრებისთვის და საკუთარი მოხმარებისთვის ამზადებდა. როგორც თავად ამბობს, როცა იმ ეტაპს მიაღწია, რომ თავისი ნამუშევრები თავად მოეწონა, დაიწყო ინტერნეტის საშუალებით მათი გაყიდვა.
,,თექის ნამუშევრები მე თვითონ როცა მომეწონა, დავდე ჯგუფში, ისე უბრალოდ შეფასებისთვის და წამოვიდა ბევრი კომენტარი. ასევე დაისვა კითხვები ხომ არ ვყიდდი და ვიფიქრე რატომაც არა-მეთქი. ასე დაიწყო გაყიდვები.
შემდეგ ჩემი პირადი გვერდი გავაკეთე და ვმუშაობ დღემდე. შეკვეთას ვიღებ გვერდზე ან პირად შეტყობინებაში მწერენ, ვაკეთებ ნივთს, ხდება თანხის გადმორიცხვა და ვაგზავნი ფოსტით.
ბევრი მიკვეთავს საკუთარი შინაური ცხოველის თექის ფიგურას. თუ ადამიანის ფიგურას ვაკეთებ, მაშინ თიხას ვიყენებ. ასე შერეულ მასალაში მუშაობაც ძალიან საინტერესოა.
ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ის, რომ მყიდველი იყოს კმაყოფილი და მართლა მოწონდეს ის რასაც ყიდულობს. ამიტომ როდესაც არის შეკვეთა მსგავსებაში, იქამდე ვმუშაობ ნივთზე დამკვეთთან ერთად, სანამ შედეგამდე არ მივალთ”,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნელი ბაჩიაშვილი.
მისი თქმით, შეკვეთილი ნივთების დასამზადებლად საჭირო მასალას სხვადასხვა ადგილას ყიდულობს. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის როგორც საყვარელი საქმის კეთება, ასევე შემოსავლის წყაროც არის.
,,მასალებს სხვადასხვა ადგილას ვყიდულობ. ზოგჯერ თბილისში, ზოგჯერ ალვანში. ბოლოს ერთ კარგ მაღაზიას მივაგენი თელავში, ყველაფერი აქვთ ხშირ შემთხვევაში რაც მჭირდება და მიხარია იქ შესვლა. ძალიან მინდა გამოფენის მოწყობა მაგრამ ამ ეტაპზე ნამუშევრებს ვერ ვაგროვებ. დაგროვება რომ დავიწყო და არ გავყიდო, ჩემი შემოსავალი ამაზეა დამოკიდებული და ასე არ გამოვა.
ამიტომ ფაქტობრივად ჯგუფებში და პირად გვერდზე ვაწყობ ხოლმე პატარა გამოფენას. ძალიან დამეხმარა სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფი ,,აკადემია”. აქედან ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩემი ნამუშევრების შესახებ. სამომავლოდ აუცილებლად მოვუყრი თავს ნამუშევრებს და მოვაწყობ გამოფენას, სადაც იქნება თექის, თიხის და ტიხრული მინანქრის ნაკეთობები.”
ნელი განმარტავს, რომ გასულ წლებში ,,ელკანას” პროექტის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა, რომელიც საქმიანობის გამრავალფეროვნებაში დაეხმარა. იგი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები, რომელიც ხელოვანების წახალისებისთვის განხორციელდება მნიშვნელოვანია.