რა ისტორიას ატარებს სოფელი ზინობიანი და როგორ შეძლეს ახალგაზრდებმა ის ქართველი და უცხოელი მოქალაქეებისთვის გაეცნოთ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზინობიანი დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე სოფელია. ის ერთ-ერთია, სადაც ამ დრომდე უძველესი მკვიდრი ეთნიკური ჯგუფი, უდიები ცხოვრობენ და ცდილობენ ენის, ტრადიციის შენარჩუნებას და ისტორიის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
საქართველოში უდიები 1920-იან წლებში დასახლდნენ. მათ ემიგრაციას ზინობი სელიკაშვილი ხელმძღვანელობდა და სწორედ აქედან მოდის სოფელ ზინობიანის სახელიც. 1938 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიების დროს სელიკაშვილი დააპატიმრეს, დახვრიტეს და სოფელს „ოქტომბერი“ დაერქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ადგილობრივების მოთხოვნით, სოფელს თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა. სოფელში ადგილობრივების ინიციატივით ზინობი სილიკაშვილის ძეგლი გასულ წელს დაიდგა.
ორგანიზაცია,,სამოქალაქო დარბაზის” დამფუძნებელი, ალექსანდრე ქავთარაძე, წლებია აქტიურად მუშაობს უდიების ტრადიციის მეტი ადამიანისთვის გაცნობა. მასთან ერთად, ასევე, სხვადასხვა აქტივობებში ჩართული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომელთა დახმარებითაც რამდენიმე პროექტი განხორციელდა სოფლის განვითარებისთვის.
,,უდიები საქართველოში, 100 წლის წინ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდნენ. იმ დროს აზერბაიჯანსა და სომხებს შორის იყო ომი და სწორედ ამის გამო ისინი იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები და აქ წამოსულიყვნენ. ისინი დასახლდნენ იმ ადგილას, სადაც ახლა ცხოვრობენ. ამას ხელმძღვანელობდა ზინობი სილიკაშვილი და სწორედ მის საპატივსაცემოდ დაერქვა სოფელს ზინობიანი. 1923 წლიდან იწყება აქ სოფლის გაშენება.
ასევე ზინობი სილიკაშვილის ინიციატივით შეიქმნა ქართველ-უდინთა დამხმარე საზოგადოებაც, რომლის გამგეობის წევრებიც იყვნენ ისეთი გამორჩეული წევრები ჩვენი საზოგადოებისა, როგორებიცაა ივანე ჯავახიშვილი და შალვა დადიანი. ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ამ ყველაფრის შესახებ იცოდეს ყველა ადამიანმა”,- განაცხადა ალექსანდრე ქავთარაძემ.
ალექსანდრეს თქმით, ზინობი სილიკაშვილის მოღვაწეობა სოფელში დღესაც ახსოვთ., სწორედ ამიტომ, ადგილობრივებს სოფლის ტერიტორიაზე ზინობი სილიკაშვილის ძეგლის დადგმა უნდოდათ, რაშიც თავადაც დაეხმარნენ, წამოიწყეს თანხის შეგროვების კამპანია და ზინობიანში, მისი დამაარსებლის ძეგლი და საინფორმაციო დაფაც დადგეს, რომლითაც ქართველი და უცხოელი ტურისტები თუ მკვლევარები ინტერესდებიან.
,,ჩვენ ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად ორი წლის წინ დავიწყეთ კამპანია, ბევრი ადამიანი ჩაერთო ამაში, შევაგროვეთ თანხა და დავდგით ზინობი სილიკაშვილის ძეგლი და ასევე, საინფორმაციო დაფა, სადაც ქართულად და ინგლისურად გადმოცემულია ცნობები ზინობი სილიკაშვილის და უდიების ისტორიის და კულტურის შესახებ. სოფლის ისტორიით ინტერესდებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, სამეცნიერო დარგში მოღვაწეები, ისტორიკოსები და ანთროპოლოგები. იმედი გვაქვს, რომ სხვადახვა ტიპის ინფრასტრქურიის შექმნა მათ რიცხვს გაზრდის.
ასევე გვაქვს სოციალური გვერდი, სადაც საზოგადოებას ვაცნობთ ისტორიულ ფაქტებს და ვცდილობთ უდიური ენის პოპულარტიზაციას, რომ შევინარჩუნოთ ის, რადგან გაქრობის წინაშეა.
სოფელში ახალგაზრდა ცოტა ლაპარაკობს უდიურ ენაზე, ძირითადად ხანდაზმულებმა იციან. გარდა ამისა, ასევე არსებობდა კავკასიურ-ალბანური დამწერლობა შუა საუკუნეებამდე, რომელიც კავკასიურ-ალბანური სახელმწიფოს გაქრობასთან ერთად გაქრა. ჩვენ ვცდილობთ ენის და დამწერლობის პოპულარიზაციას როგორც ენათმეცნიერებისთვის, ასევე ზინობიანელებისთვის და მის ფარგლებს გარეთ დაინტერესებული პირებისთვის’’,- განაცხადა ალექსანდრე ქავთარაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ უდიების თემატიკით დაინტერესებული ამერიკელი ანთროპოლოგის, ზაქ ფაბოსის ინიციატივით, ARISC-ში (სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი) ერთობლივად შეიტანეს ზინობიანთან დაკავშირებული პროექტი, რომელმაც მოიპოვა დაფინანსება. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას გეგმავენ.
,,პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ: სოფელში არსებული ძველი ფოტოების დასკანერებას, კატალოგიზაციას, შენახვას და მათი ნაწილის დაბეჭდვას სამუზეუმო სივრცეში განსათავსებლად. მუზეუმი სოფელს ექნება ევროკავშირის მხარდაჭერით., მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ქეთი ზაუტაშვილის აქტიური მონაწილეობითა და ადგილობრივის, ანა პაჭიკაშვილის ჩართულობით. ასევე სამუზეუმო სივრცისთვის ძველი ნივთების მოგროვების სურვილიც გვაქვს.
პროექტის ფარგლებში უკვე შევიძინეთ კომპიუტერი და პრინტერი, რომელიც პროექტის გასრულების შემდეგ და სოფლის ბიბლიოთეკის აღდგენის შემდგომ გადაეცემა ბიბლიოთეკას.
შევიძენთ სამუზეუმო სივრცისთვის რამდენიმე წიგნს, დავბეჭდავთ ბუკლეტებს უდიების შესახებ (ცნობებით ისტორიაზე, ენაზე, სამზარეულოზე და ა.შ.), გამოვცემთ ქალბატონ ჟენია მამულაშვილის უდიური ლექსების კრებულს. დავბეჭდავთ პოსტერებს უდიურ ენასა და ალბანურ დამწერლობაზე – მათ შორის, სამუზეუმო სივრცისთვის. მუზეუმისთვის შევიძენთ სხვადასხვა ტიპის ინვენტარს – მათ შორის, იშვიათი გამოცემების საექსპოზიციო ინვენტარსაც’’,-განაცხადა ალექსანდრემ.
სამოქალაქო აქტივისტის, ადგილობრივი მაცხოვრებლის, ანა აივაზაშვილის თქმით, უდიების შესახებ ბევრმა ადგილობრივმა არ იცის და ისინი ცდილობენ უდიების ისტორიის და კულტურის პოპულარიზაცია მოახდინონ.
,,რაც მეტი ადამიანი დაინტერესდება, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ სხვადასხვა აქტივობები განვახორციელოთ იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დაინტერესდეს უდიური კულტურით და ისტორიით. გვინდა უდიური ენა გადავარჩინოთ და აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა ღონისძიებებით მეტი სტიმული მივცეთ, რომ დაინტერესდნენ უდიური ენით. ასევე სოფელს დიდი ტურისტული შესაძლებლობები აქვს და ამისი ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია’’,-განუცხადა knews.ge-ს ანა აივაზაშვილმა.
იხილეთ აღნიშნულ საკითხზე რადიო ,,კახეთის ხმის” მიერ მომზადებული გადაცემა: