კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მთავრობა 97 მლნ ევროს სესხს იღებს
მთავრობამ პარლამენტს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება“ წარუდგინა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შეთანხმება ორშაბათს, 2 მაისს განიხილა და მხარიც დაუჭირა. საქმე ეხება კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთის (დაახლოებით 17 კმ) მშენებლობას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია სამშენებლო სამუშოები საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი საგარეჯოს დაახლოებით 35 კმ-იანი, ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთზე, რომელიც დაყოფილია სამ ლოტად: ვაზიანის შემოსავლელი გზა (3.7 კმ, ლოტი 0), ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი (23.8 კმ, ლოტი 1) და საგარეჯოს შემოსავლელი გზა (7.7 კმ, ლოტი 2).
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზემოაღნიშნული მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები და მათზე განსახორციელებელი საზედამხედველო მომსახურება სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან აღსანიშნავია, რომ მომდევნო, საგარეჯო – ბადიაურის დაახლოებით 17 კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი 3) დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და სამშენებლო სამუშოების დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს.
კომერსანტის ინფორმაციით, ირკვევა, რომ საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა : მოიცავს 30 თვეს, რასაც დაემატება. დეფექტების შეტყობინების 24 თვიანი პერიოდი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების დაწყება შესაძლებელი იქნება 2022 წელს. სასესხო შეთანხმების პროექტის საბოლოო ტექსტის შემუშავების მიზნით IBRD-თან მოლაპარაკებები 2022 წლის წლის 21-22 თებერვალს გაიმართა. პროექტის განსახორციელებლად IBRD 97,700,000 ევროს სესხს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 27.5 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12.5 წელი.
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას ხელი 2022 წლის 30 მარტს მოეწერა. მსესხებელი, ფინანსთა სამინისტროს სახით, საქართველო იქნება, ხოლო პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს. პროექტის დასრულების თარიღი 2027 წლის 31 დეკემბერია.