ახალი ამბები

ბავშვთა სიღარიბე ციფრებში

საქართველოში ერთ–ერთ მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე. წლების განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვთა სიღარიბე უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნისთვის.

კვლევების მიხედვით, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები წლიდან წლამდე რთულად აღწევენ თავს ამ სიტუაციას და სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო რთულად გამოდიან ამ მდგომარეობიდან.

ერთ–ერთი ბოლო კვლევა, რომელიც საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობაზე საგულისხმო მონაცემებს მოიცავს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა ჰქვია. კვლევა საქართველოში ბავშვთა კვებასთან, ნუტრიციულ სტატუსთან და ბავშვთა განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს.

2017 წლის კვლევის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში 50, 000 ბავშვი ცხოვრობდა. კვლევის მიხედვით, ბავშვები კვლავ უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე ზოგადად, მოსახლეობა ან პენსიონერები. სიღარიბის მაჩვენებლები ამ ბავშვებისთვის გაიზარდა თითოეული ზღვრისთვის.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია: 2009 – 11.5%, 2011 – 9.4 %, 2013 – 6 %, 2015 – 2.5 %, 2017 – 6.8 %.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, 2011 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებმა გამოიწვია დისკუსია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ, რის შედეგადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2013-2015 წლებში მოხდა აღნიშნული პროგრამის გადასინჯვა. რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დანამატი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციითვე, გარდა ამისა, საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნია ყოვლისმომცველი, ბავშვებისდმი მგრძნობიარე სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს მოულოდნელი დარტყმების დაძლევასა და გაძლიერებაში. დღემდე ბევრი ხარვეზია ბავშვზე ორიენტირებული კანონმდებლობის / პოლიტიკის, ფულადი დახმარებისა თუ სოციალური სერვისების თვალსაზრისით. ბევრი დაუცველი ოჯახი ამ სერვისების მიღმაა დარჩენილი. პირველ რიგში, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან.

,,დაუცველობის მაღალ ხარისხს ხშირად ისეთი სიტუაციებიც განაპირობებს, როცა ადამიანები მოულოდნელად ღარიბდებიან. ეს შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დარტყმებმა, როგორიცაა უმუშევრობა, ავადმყოფობა ან ოჯახის წევრის სიკვდილი, რამაც შეიძლება უცებ გააღარიბოს ოჯახი. ეს პრობლემა ხშირად ახალგაზრდა (20-30 წლის) მშობლების შემთხვევაში ვლინდება: ამ ასაკობრივ კატეგორიაში განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის დონე და ნაკლებია სახელმწიფოს დახმარება.

გარდა ამისა, ბავშვებსა და მათ ოჯახებს არ აქვთ წვდომა სოციალურ მომსახურებებსა და ოჯახების დახმარების სერვისებზე, განსაკუთრებით სოფლებში. აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობის შემცირების მიზნით.მიზნობრივი სოციალური დახმარების განახლებულმა პროგრამამ 2017 წლიდან საგრძნობლად გააუმჯობესა ღარიბი ბავშვიანი ოჯახების იდენტიფიცირება. სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვისათვის დაწესებულ ფულად დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარებას და მონიტორინგს, რათასოციალური დაცვის სისტემა ბავშვზე მაქსიმალურად მორგებული გახდეს; ვეხმარებით მთავრობას, გამოვლინდეს, თუ რატომ ვერ ხვდებიან უკიდურესად დაუცველი ადამიანები სოციალური დაცვის სისტემაში, ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ დისკურსსა და საჯარო ფინანსებზე, შეიმუშაოს ბავშვებზე მორგებული მოდელები და მოახდინოს მათი პილოტირება და გავრცელება, შემოიღოს ბავშვებისთვის ფულადი დახმარება, რათა შემცირდეს სიღარიბე, დაუცველმა ბავშვიანმა ოჯახებმა შეძლონ ეკონომიკურ დარტყმებთან გამკლავება და საშუალება მიეცეს ბავშვებს, იცხოვრონ უსაფრთხო, მზრუნველ და კეთილგანწყობილ გარემოში.

ჩვენ ვმუშაობთ აგრეთვე ბავშვზე ზრუნვის და სოციალური დაცვის სისტემებს შორის კავშირების უზრუნველყოფაზე, ბავშვზე ზრუნვისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმების შედეგად დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით”,- აცხადებენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.