ბოდბელი მეუფე იაკობი – ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ
ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება – ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს არევას არ აპატიებს.
„ამ არჩევნებს შევხედავ, რა ხდება და რა არა, გავატარებ, მაგრამ პარტიებს არ ეგონოთ, რომ ქუჩაში კიდევ დაიწყონ ყვირილი, მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს.
მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება. ბოლოს რა პარტიებიც შემოვიდნენ არცერთ მათგანთან არ [ვითანამშრომლებთ]. ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს მე არ ვიცი. ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში. სახელმწიფოს მომავალზე აბსოლუტურად კარგი ხედვა გვაქვს. როგორ და რატომ უნდა მოიაზრებოდეს ჩემთან [ვასაძე]? გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი და „ნაცმოძრაობასაც“ თავისი. გეუბნებით, მე არ მაქვს კავშირები ვასაძესთან. ვიცნობთ ეკლესიაში; ისევე, როგორც სხვა ბიზნესმენები რაღაც პროექტებში მონაწილეობდა.
იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდოთ [ქვეყანა]. 500 ათასი კაცი მიჭერს მხარსო, რაში გიჭერს, რომ ანგრევ ქვეყანას? პარლამენტში რომ არ შედიხარ? რას დავამსგავსეთ თბილისი, კიდევ კარვების ქალაქი შეიძლება იყოს?
ველოდებოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდოდა და ეს უცხოელებსაც ვუთხარი შევლენ-თქო. გარეთ რომ არ არიან, მადლობა ღმერთს! რას ერჩოდნენ ელისაშვილს? ზოგი ამბობდა ფული აიღოო, ახლა ესენი რომ შევიდნენ, ვერ ვიტყვით, რომ ფული აიღეს? ხელს რომ არ აწერ მიშელის დოკუმენტს, უცხოეთში რეიტინგი უფუჭდებათ, პარტიას შლიან. შერიგება თუ მოხდა ყველა თავის გზას იპოვის. მე არ მაინტერესებს არცერთი პიროვნება, მაინტერესებს საქართველო“, – განაცხადა იაკობმა.
რაც შეეხება ჯანსაღ ოპოზიციას, როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ჯანსაღ ოპოზიციას დღეს საქართველოში ცალკეულ პიროვნებებში ხედავს, მაგრამ პარტიებში ვერა.
„რა თქმა უნდა, მათ არ ექნებათ ეკლესიისგან მხარდაჭერა. ბევრად მეტი შემიძლია ვიდრე „ნაცმოძრაობას“ და იმათ. ერთან სიტყვა გვეთქმის! უმეტესობამ გაძარცვა ქვეყანა, ფული იშოვა და დღეს ლაპარაკობენ კორუფციაზე. უცხო ქვეყნის აგენტები დღეს ჩემზე ისევ „მხედრიონელს“ იძახიან. მე „მხედრიონელი“ არ ვყოფილვარ.
აქ პოლიტიკური შეთანხმება, შერიგება თუ არ მოხდა, თუ იქნება „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი, აზრი არ აქვს, რაც არ უნდა შეცვალონ. გგონიათ რომელიმეს აინტერესებს შარლ მიშელი? – შეცუნცულება უნდოდათ პარლამენტში და შეცუნცულდნენ. ეკლესიამ უნდა გააკეთოს ის, რომ შერიგებაზე წავიდეს. რა თქმა უნდა, მმართველ პარტიასთან გვექნება შეხვედრები, სადაც ბევრი რამ შეიცვალა და ეკლესიასთან ბრძოლის რეჟიმში აღარ არიან. მაგრამ არ გეგონოთ მარტო მმართველ პარტიაში იყვნენ ასეთები, ოპოზიციაშიც ცდილობენ სულ უფრო ცუდი და ცუდი რამე აკეთონ ჩვენს წინააღმდეგ. ძალიან მოკლე პერიოდში ეკლესიიდან დავიწყებთ და აღარ დაგიტოვებთ სალაპარაკოს, მოსაკვეთი მოიკვეთება!“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.