პანკისის ხეობაში პირველი ხალხური ანსამბლის დამაარსებელი მაყვალა მარგოშვილი გარდაიცვალა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში პირველი ხალხური ანსამბლის დამაარსებელი მაყვალა მარგოშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მეწარმე ნაზი დაქიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, მაყვალა მარგოშვილი იყო მისაბაძი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდა პანკისში ტურიზმის განვითარებას. მან 1999 წელს პანკისის ხეობაში დააარსა პირველი ხალხური ანსამბლი და მას “მარშუა კავკაზი” (მშვიდობა კავკასიაში) უწოდა. იგი ასევე იყო ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი.
,,მინდა ბაღაკაშვილების ოჯახის, პანკისის ხეობის ქისტური თემის, ახლობლებისა და მეგობრების სახელით გამოვხატო დიდი მწუხარება 2021 წლის 26 მაისს მაყვალა მარგოშვილის გარდაცვალების გამო. მაყვალას სიყვარულით ბადის სახელით იცნობდნენ. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ბადი მშვიდად, დუისში, თავის ოჯახში გარდაიცვალა. ბადი უიშვიათესი სულის პატრონი იყო, რომელიც უამრავ ადამიანს უყვარდა და პატივს სცემდნენ პანკისის ხეობაში, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მისი ოჯახისთვისა და პანკისის ხეობის საზოგადოებისთვის.
ბადი, 1937 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაიბადა. იგი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაქორწინებული იყო ბუღდან ბაღაკაშვილზე (1939-2001), რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო ძიუდოს, სამბოს და ჭიდაობას წამყვან სპორტსმენად. იგი იყო ვერცხლის მედლის მფლობელი 1966 წელს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში პრაღაში, ჩეხეთში. ბადი ოთხი შვილის დედა და 9 შვილიშვილის და 5 შვილთაშვილის ბებია იყო. იგი დუისში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან საერთაშორისო ტურისტების თავშესაფარი გახდა.
ადრეულ ასაკში ბადიმ სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა და დუისის საავადმყოფოში სასწრაფოს ექთნად მუშაობდა, მაგრამ მისი მოწოდება და გატაცება მსოფლიოში მშვიდობის დამყარება იყო. იგი აქტიურად ჩაერთო ჩეჩნეთისა და პანკისის ხეობაში მშვიდობის დამყარების მცდელობაში რუსეთ-ჩეჩნეთის სავალალო ომების და შემდეგ ლტოლვილთა კრიზისის დროს.
1999 წელს ბადიმ პანკისის ხეობაში დააარსა პირველი ხალხური ანსამბლი და მას “მარშუა კავკაზი” (მშვიდობა კავკასიაში) უწოდა.
იგი ასევე იყო ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ის ასევე ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ჯგუფს, რომელმაც ევროპის მრავალ ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებსა და კონცერტებზე სამშვიდობო სიმღერები შეასრულეს. ამ პლატფორმის საშუალებით, ბადი ხელს უწყობდა ჩეჩნური და ქისტური კულტურის გაცნობას და განიხილებოდა, როგორც პირველი ადამიანი, ვინც პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარება დაიწყო. იგი მისაბაძი ადამიანი და შთაგონება იყო ყველა მათგანისთვის, ვინც დღეს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში მონაწილეობს.
ბადი კაცობრიობისადმი სიყვარულით დაუღალავად იბრძოდა რათა ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ პანკისის ხეობა მშვიდობიანი ადგილი იყო და ქისტები ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია საქართველოში. ლოზუნგი „არა ომს! მშვიდობა მსოფლიოს!” გამოხატავს ბადის უნივერსალურ გზავნილს. ის ყოველთვის ცნობილი იქნება როგორც მშვიდობისთვის მებრძოლი. გვსურს ღრმა მწუხარება გამოვუცხადოთ ბადის ოჯახს”,- აცხადებს ნაზი ბაღაკაშვილი.