ახალი ამბები

იგეგმება თუ არა სოფელ კისისხევში 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით სახელმწიფო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის აქუციონზე გატანას გეგმავს.

სოფელ კისისხევში მცხოვრებლების ინფორმაციით, აღნიშნული მიწის გასხვისებით სოფელი დაკარგავს საძოვარ ადგილს და ისტორიულ ძეგლებს. ამის შესახებ ადგილობრივები, საჯარო რეესტრიდან ამოღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობენ.

,,ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული ადგილები, ღვთაების ეკლესიის მიმდებარე, “გასაყრის” მიმდებარე და ბახუტაანთ კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები სახელმწიფოს გამოაქვს აუქციონზე გასაყიდად. ამის შედეგადაც სოფელი დაკარგავს, უამრავ საძოვარ ადგილს, უძველეს ისტორიულ ძეგლებს და ტყეში შესასვლელ რამდენიმე გზას. საერთო ჯამი ფართობის 20 ჰექტარია. აღსანიშნავია, რომ მიწა ცოტახნის წინ გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში, მანამდე კი იყო სატყეო ფონდში. მოგეხსენებათ სატყეო ფონდს გაყიდვის უფლება არ აქვს, ამიტომ ცოტახნის წინ მესაკუთრე შეიცვალა და სახელმწიფოს დაურეგისტრირდა”,- ამბობს კისისხევში მცხოვრები, ვალერი ბოჭორიშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ზაქრო გრიშიკაშვილი, ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა და ბალანსზე გადაცემა ერთ დღეში მოხდა.

“რატომ გადავიდა ტერიტორია ეკონომიკის სინისტროს ბალანსზე და არ დაურეგისტრირდა მუნიციპლიტეტს რომ ისევ სოფლის სასიკეთოდ გამოყენებულიყო? თან ეს პროცესი ერთ დღეში რატომ განხორციელდა? მოსახლეობას უკვე აქვს ინფორმაცია, მთელი სოფელი აბობოქრებულია და ყველაფერს ვიღონებთ, რომ მიწა არ გაიყიდოს”– განაცხადა გრიშიკაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და სამხარეო ადმინისტრაციაში. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი. მისი განმარტებით, მან საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხის გარკვევის აუცილებლობა დააყენა.

,,გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ კისისხევში “ღვთაების” და “ბახუტაანთ” კარის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორია დაირეგისტრირა სახელმწიფომ შემდგომი პრივატიზაციის მიზნით, რამაც მოსახლეობის ობიექტური უკმაყოფილება გამოიწვია. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებულია სოფლის რამდენიმე სალოცავი და ეკლესია. გარდა ამისა ამ ტერიტორიებს სოფელი იყენებს საძოვრებად. მე კისისხევის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დავაყენე საკითხი საკრებულოზე, რომ შემჭიდროვებულ ვადებში გაირკვეს რეალობა და დაზუსტებული ინფორმაცია ეცნობოს სოფ. კისისხევის მოსახლეობას, რათა მათთან შეთანხმების გარეშე არ მოხდეს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება”,- განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.