იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მეურნეობა ლაგოდეხში- ფოტოები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ილია შეყელაძემ იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადასარჩენად მუშაობა დაიწყო.
მას ადგილზე ფრინველების მცირე მეურნეობა აქვს, სადაც ხოხბებს, კაკბებს, იხვებს და სხვა უნიკალური ჯიშის ფრინველებს ზრდის. ილიას განცხადებით, თავდაპირველად მას საქმიანობაში მამა ეხმარებოდა, სწავლის დასრულების შემდეგ კი სოფელს დაუბრუნდა და მეფრინველეობის მიმართულებით აქტიური საქმიანობა დაიწყო.
,,დავიბადე სოფელ ჭაბუკიანში. ჩემი ამ სოფლისადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დამეწყო საქმიანობა. ავირჩიე მეფრინველეობა, შევიძინე ფრინველები და დავიწყე საქმიანობა. სანამ სოფელში დავბრუნდებოდი, ამ ყველაფერში მამაჩემი მეხმარებოდა. შემდეგ მეც აქტიურად ჩავერთე საქმიანობაში და სხვადასხვა სახეობის ფრინველი მოვიყვანე გასამრავლებლად”,- განაცხადა ილია შეყელაძემ.
მეწარმეს ამ დროისთვის რამდენიმე სახეობის ოფოფი, იხვები, ხოხბები და კაკბები ყავს. მისი თქმით, ყველა ფრინველს განსხვავებული მოვლა და პირობები სჭირდება, რაც საკმაოდ რთულია.
,,ამ დროიოსთვის მყავს 5 სახეობის ოფოფი და რამდენიმე სახეობის იშვიათი იხვი. მაგალითად: ე.წ. ,,მანდარინის” ჯიშის, ასევე ,,კაროლინა” და ,,წითელი”. აუცილებელია ყველა სახეობას შეუქმნა შესაბამისი პირობა იმისთვის, რომ გამრავლდეს. ასევე საჭიროა სათანადო გარემო, დიდი ფართი, ვოლიერი და სხვა”,- აცხადებს ილია შეყილაძე.
ილია ასევე განმარტავს, რომ საქარტველოს ბუნებაში კოლხური ხოხბისა და კაკბის რიცხვი ძალიან არის შემცირებული და ის გეგმავს, გადაშენების პირას მყოფი ეს სახეობები საკუთარ ფერმაში გაზარდოს, გაამრავლოს და ბუნებაში გაუშვას. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული სახეობის ფრინველის გადარჩენას.
,,მე მყავს კოლხური ხოხობი და კაკაბი, რომელიც საქართველოში გვხვდება. მათი რიცხვი ბუნებაში შემცირებულია და გადაშენების პირას არიან. მინდა აქცენტი მათ გამრავლებაზე გავაკეთო და ბუნებას დავეხმარო. ვაპირებ ყოველ გაზაფხულზე ბუნებაში გავუშვა რამდენიმე წყვილი ხოხობი”,– აღნიშნავს ილია შეყილაძე.
ახალგაზრდის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა, რაც მეფრინველეობის მიმართულებით არსებობს, არის ამ მიმართულებით მომუშავე ვეტერინარების სიმცირე. იგი ასევე განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში შექმნილია მეფრინველეობის ჯგუფი, სადაც ამ მიმართულებით მომუშავე პირები არიან გაწევრიანებული. მისი თქმით, სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას, რაც ძალიან ეხმარებათ. მეწარმე სამომავლოდ მეფრინველეობის მიმართულებით სწავლის გაგრძელებას გეგმავს.