დედოფლისწყაროში მოსახლეობამ სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა
ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობამ სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, სასმელი წყალი სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მოდის. ცალკეულ უბნებში კი წყლის დაბალი წნევიდან გამომდინარე ვერ რთავენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. აქციის მონაწილეები შესაბამის სამსახურებს სთხოვენ საკითხით დაინტერესებას და წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ.
,,ჯერ ზაფხულის სიცხეები არ დაწყებულა და სამ დღეში ერთხელ მოგვეწოდება წყალი. 5-6 საათი მოდის და თან ისეთი წნევით, რომ სარეცხის მანქანასაც ვერ ვრთავთ. რომ დაცხება წყლის მარაგი უფრო შემცირდება და უარეს დღეში აღმოჩნდება მოსახლეობა, ყველას ხომ არ აქვა საშუალება , რომ წყალი მაღაზიაში შეიძინოს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გაერთიანებული წყალმომარაგების დედოფლისწყაროს სერვისცენტრში კი აცხადებენ, რომ ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფლების სამრეკლოს და ხორნაბუჯის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები ივლისიდან დაიწყება.
,,სამწლიანი პროექტია და მდინარე იორიდან მოხდება წყლის ამოქაჩვა. სამუშაოები ივლისიდან დაიწყება. მანამდე კი მოსახლეობას პრობლემურ უბნებში წყალმზიდებით მივაწვდით წყალს”,- განაცხდა სერვისცენტრის ხელმძღვანელმა სიმონ ყოჩიაშვილმა.