ახალი ამბები

მირზაანში მცხოვრები მხატვარი მოსწავლეებთან ერთად სოფელში კედლების მოხატვას გეგმავს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მცხოვრები მხატვარი ბელა ლობჟანიძე, მოსწავლეებთან ერთად სოფელში არსებული უსახური კედლების გაცოცხლებას და ნახატებით გალამაზებას გეგმავს.

ბელას თქმით, თავდაპირველად ფიროსმანის ნახატები თავისი სახლის წინ მესერზე გადაიტანა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ მან მოსწავლეებთან ერთად სოფელში არსებული უსახური კედლების გალამაზება გადაწყვიტა.

,,იდეა მოვიდა სპონტანურად. ერთხელ სოფელში ყოფნისას ძალიან მოვიწყინე, შევხედე ჩემს მესერს და თითქოს ფერები დამაკლდა. მივხვდი მისი გალამაზება კარგი გასართობი და ამავე დროს სასარგებლო საქმეც იქნებოდა. ასე დავიწყე მის ერთ ნაწილზე ფიროსმანის ,,მებადურის” ხატვა. როდესაც ხატვის პროცესი უბანში მცხოვრებმა ბავშვებმა დაინახეს, მოგროვდნენ და დიდი მოწონება და სურვილი გამოთქვეს თვითონაც მიეღოთ მონაწილეობა ხატვის პროცესში. ბევრი არ გვიფიქრია, გადავწყვიტეთ მესერი მთლიანად ფიროსმანის ნახატებით მოგვეხატა. ამ საქმეში უდიდესი წვლილი სწორედ ბავშვებმა შეიტანეს.

ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია არა მარტო სოფლის და რაიონის მოსახლეობის მხრიდან, არამედ მის სანახავად მოდიოდნენ ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სტუმრები და ტურისტები. აქედან დაიბადა იდეა, რომ სოფელში არსებული ყველა მესერი გაგვეფორმებინა მსგავსი ნახატებით. პროექტი ფინანსდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. მადლობა მათ გაწეული დახმარებისთვის”,- განუცხადა Knews.ge-ს ბელა ლობჟანიძემ.

მისი თქმით, კედლების მოხატვის პროცესი უკვე დაიწყეს. ამ ეტაპზე საღებავებისა და ნახატების შერჩევა მიმდინარეობს.

,,მოხატვის პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. ამ ეტაპზე მიდის საღებავების შერჩევა და ფერების განსაზღვრა. სასურველი ფერების მიღებისთანავე შევუდგებით სხვა ღობეების მოხატვასაც. მიმდინარეობს დაგეგმვითი სამუშაოები და ნახატების თემების შერჩევა. ხატვის პროცესში ჩემი ძირითადი დამხმარეები სოფელში მცხოვრები ბავშვები იქნებიან. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ საქმეში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. მოხატვის პროცესში მონაწილეობისთვის ვეპატიჟები ყველა გამოცდილ თუ ნაკლებად გამოცდილ მხატვარს, ასევე მოყვარულ მხატვრებს, ვისაც სურვილი აქვს.

ნახატების თემატიკა თავისუფალია, თუმცა უპირატესობას მივანიჭებთ ფიროსმანის სტილს და მის მიერ ჩვენთვის დატოვებული სამყაროს გაცოცხლებას შევეცდებით. ჩვენი მიზანია, რომ სოფელში ჩამომსვლელი ტურისტი მოიხიბლოს. ასევე დარჩეს განცდა, რომ მირზაანი არა ერთი რიგითი, არამედ ფიროსმანის მშობლიური სოფელია. გვინდა ყოველმხრივ გამორჩეული იყოს თუნდაც მოხატული კედლებით”,- განაცხადა ბელა ლობჟანიძემ.