ვინ არის თვითნასწავლი ხელოვანი ფიროსმანის სოფლიდან
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ბელა ლობჟანიძეს საცხოვრებელ სახლს ყველა იცნობს.
თვითნასწავლმა მხატვარმა საკუთარი სახლის კარსა და მესერს ახალი დატვირთვა მისცა და ფიროსმანის ნახატებით მოხატა.
ბელა knews-ს უყვება, რომ მასზე დიდი გავლენა სოფელში არსებულმა ფიროსმანის სახლ-მუზეუმმა და იქ დაცულმა ნახატებმა იქონია.
,,ჩემი ოჯახის წევრები როდესაც მიხვდნენ რომ ხატვა მიყვარდა, ბავშვობიდან მჩუქნიდნენ შესაბამის ნივთებს. სამოყვარულო ნახატებს ცხოვრების ყველა ეტაპზე ვქმნიდი. მირზაანი ფიროსმანის მშობლიური სოფელია, აქვე მდებარეობს მისი სახლმუზეუმიც. ბავშვობაში მუზეუმს ძალიან ხშირად ვსტუმრობდი, ფიროსმანის ნახატებისთვის შემეძლო საათობით მეცქირა და ეს პროცესი არასდროს მღლიდა.
შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ხატვისადმი დიდი დაინტერესება ფიროსმანის ნახატების გავლენაც იყო. 20 წლის ასაკში ხატვით სერიოზულად დავიტერესდი. გარდა განტვირთვისა და პროფესიული მოვალეობისა, ხატვას ჩემს ცხოვრებაში უფრო ღრმა დატვირთვა აქვს. მისი წყალობით შემიძლია გადმოვცე ჩემი ფიქრები და ოცნებები’’,- განუცხადა Knews.ge-ს ბელა ლობჟანიძემ.
თვითნასწავლი მხატვრის პროფესიისადმი სიყვარული მხოლოდ ხატვით არ შემოიფარგლება. მას სოფელში სამხატვრო სტუდია აქვს, სადაც ახალგაზრდებს გადასცემს საკუთრ გამოცდილებას და ხატვას ასწავლის.
,,სოფელში ბევრმა ბავშვმა გამოთქვა სურვილი ხატვის შესწავლისა და შესაბამისად, საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ მოსწავლეებთან მუშაობას. რეგულარულად გვაქვს გაკვეთილები ფერწერაში, გრაფიკულ ხატვაში, განვიხილავთ სხვადასხვა ნახატების შინაარსს და ასე შემდეგ’’,– განაცხადა ბელა ლობჟანიძემ.
ბელა ლობჟანიძეს იდეა – მოეხატა საცხოვრებელი სახლის ეზოს კარი და ღობე, ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუშად იქცა. მისი თქმით, ეს ადგილობრივების თუ უცხოელი სტუმრების დიდ ინტერესს იწვევს.
,,იდეა სპონტანურად გაჩნდა რაშიც ჩემმა მოსწავლეებმა დიდი წვლილი შეიტანეს. პირველი ნახატი, ფიროსმანის ,,მებადური’’ მე დავხატე. შემდეგ კი, ბავშვები დაინტერესდნენ და გამოთქვეს სურვილი მიეღოთ მონაწილეობა მოხატვის პროცესში. ფიროსმანი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვარია, შესაბამისად, ნახატები მისი ცნობილი ტილოებიდან გადავწერე.
ღობის მოხატვის შემდეგ, ძალიან ბევრი ტურისტი და ადგილობრივი დაინტერესდა ჩემი მხატვრობით. სურვილი გამოთქვეს, რომ სხვა ქუჩებიც მოგვეხატა. ყველას გვინდა, რომ სოფელი მოიხატოს ფიროსმანის სხვადასხვა ნახატებით, რაც სოფლის მიმართ ტურისტების დაინტერესებას გაზრდის’’,- განუცხადა Knews.ge-ს ახალგაზრდა მხატვარმა.
ბელა ლობჟანიძე სამომავლოდ, სოფელში ტურიზმის განვითარებისთვის, საკუთარ სახლში სამხატვრო კაფე-გალერეის მოწყობას გეგმავს. მისი თქმით, სტუმრები გაეცნობიან ქართულ კულტურას, საშულება ექნებათ, დაათვალიერონ მისი შემოქმედება, და დააგემოვნონ ქართულ ტრადიციული კერძები. გარდა ამისა, არტ საღამოებზე ტურისტები გაეცნობიან ქართველ მხატვრებს, მათ შემოქმედებას და ასევე, სურვილის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებენ ხატვის პროცესში.