კლიმატის ცვლილება და ადამიანის ქცევა- როგორ უნდა მოგვარდეს გარემოსდაცვითი პრობლემები კახეთში
ტყეების გაჩეხვა, ხშირი ხანძრები, ჰაერის დაბინძურება, მყინვარების სწრაფი დნობა და მეწყერების გააქტიურება- ექსპერტების განმარტებით, სწორედ ადამიანის ქცევა ახდენს გავლენას კლიმატის ცვლილებებზე, რასაც შემდეგ უარყოფით შედეგებამდე მივყავართ.
ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში კახა სუხიტაშვილი ამბობს, რომ რაც დრო გადის გარემოსდაცვითი საკითხები უფრო აქტუალური ხდება, თუმცა არის პრობლემები, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე ახდენს გავლენას და აუცილებელია ეტაპობრივად მოგვარდეს.
მისი თქმით, პანდემიის გამო, ეკო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით მიდგომები შეიცვალა, რაც იმედის მომცემია, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.
,,რაც დრო გადის, გარემოსდაცვითი საკითხები უფრო აქტუალური ხდება. პრობლემები რაც არსებობს გარემოსდაცვასთან დაკავშირებით ეს იყო პანდემიამდე და მას მერეც იქნება.
ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ პანდემიის შემდეგაც იქნება ასეთი ტენდენცია და ამ პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად დაიწყება. ამის იმედს მაძლევს პირველ რიგში ის გლობალური დამოკიდებულება, რაც არის ეკო და მდგრად ტურიზმთან დაკავშირებით. ბუნებრივი გარემო უფრო მეტი ზრუნვის ობიექტი ხდება და ამისი ტენდენცია არის.
კლიმატის ცვლილება ფართო თემაა. ეს არ არის მხოლოდ გარემოს დაცვა, ეს არის ეკონომიკური, სოციალიური და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის. მაგალითად, ნებისმიერი საკვების მოყვანა არის დამოკიდებული კლიმატზე და კლიმატის ცვლილება იწვევს როგორც მის შემცირებას, ასევე უხვ მოსავლიანობასაც”,- განუცხადა Knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
მისი განმარტებით, კახეთში ამ მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა ტყეების გაჩეხვა და სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობაა.
,,კახეთში ერთ-ერთი პრობლემაა ტყეების განადგურება. იმის მიუხედავად, რომ სოფლებსა და ქალაქებში გაზიფიცირება მოხდა, სოფლების დიდ ნაწილში შეშა ისევ უალტერნატივო სათბობი საშუალებაა და ამის მიზეზად გაზის სიძვირე სახელდება. ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება კლიმატის ცვლილებაზე. იმიტომ რომ ტყის ერთ-ერთი ფუნქციაა სწორედ კლიმატის რეგულირება.
მეორე მნიშვნელოვანი თემაა ნაგავსაყრელები, ესენიც დიდ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილებაში. უკანონო ნაგავსაყრელებზე თვითაალების მოვლენა, რაც ახასიათებს ბევრ სათბური აირის გამომყოფს, მოქმედებს კლიმატზე და იმის მიუხედავად, რომ კახეთი სუფთა რეგიონად დაასახელეს, აქ ბევრი ადგილია, თუნდაც თელავში, რომელიც ნაგვით არის სავსე.
იმისთვის, რომ მოქალაქეების ეს მიდგომა შეიცვალოს, აუცილებელია განათლება, რომელიც არ არის მოკლევადიანი. ერთხელ ინფორმაციის მიწოდებით არ შეიცვლება მისი ქცევა. ეს გრძელვადიანი პროცესია და ამას თაობების შეცვლა სჭირდება, რომ ადამიანებმა ისწავლონ გარემოსთან მეგობრული ცხოვრება.
ასევე აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა ან საჯარიმო სანქციების გატარება, რათა ადამიანი ვაიძულოთ ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს’’,- აღნიშნა კახა სუხიტაშვილმა.
გარემოს დაცვის ექსპერტი ასევე რეგიონში ფოთლების დაწვასთან დაკავშირებულ უარყოფით პრაქტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
,,ასევე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ფოთლების წვა კახეთშ. ამ დროს ხდება ნახევრად მშრალი წვა, რომელიც კლიმატზე ახდენს გავლენას. ამასთანავე გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომელიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. თუ შევადარებთ წინა რამდენიმე ათეულ წელს, დამოკიდეულება შეცვლილია და იმედი მაქვს თაობების შეცვლის მერე ეს პრობლემები აღარ იქნება.’’
კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია.
UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მკვლევარი ზურაბ ნაბახტეველი აცხადებს, რომ საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია.
,,საქართველოში კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვის საკითხები უმნიშვნელოვანესია, ამას მოწმობს ბოლო დროს ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. საქართველოში ენერგეტიკის სექტორი პასუხს აგებს სათბური აირების გაფრქვევის 60 პროცენტზე, ხოლო ჰაერის დაბინძურების მხრივ პირველ ადგილს იკავებს, რაც ძირითადად განპირობებულია წიაღისეული საწვავის ჭარბი გამოყენებით. 2020-2030 წლების ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს განახლებადი, მაგალითად წყლის, ქარისა და მზის ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში, რაც გამოიწვევს თბოელექტროსადგურების გამოყენებისა და შესაბამისად, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. ამ პროცესის პარალელურად, გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაც.
პანდემიის დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ ფონზე, დროებით შეჩერდა წარმოება და მიმოსვლა, რამაც, ბევრ უარყოფით შედეგთან ერთად, გარკვეული „ამოსუნთქვის“ შესაძლებლობა მისცა დედამიწას. ჩვენ ეს თბილისშიც ვიგრძენით, სადაც სმოგი დაიფანტა და ცა იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ ჰორიზონტზე 180 კილომეტრითაა დაშორებული მყინვარწვერი გამოჩნდა. ასეთი კონკრეტული და თვალსაჩინო მაგალითები გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ ვაზიანებთ იმ ბუნებრივ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის ცნობიერება და ინდივიდუალური ქცევა. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველდღიური ქმედებებით ზიანს ვაყენებთ გარემოს და კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე გადავიდეთ. როგორც UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მკვლევარი, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ საკითხში ლაბს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ ადამიანებს, რომ მათ ყოველდღიურ ქცევასა და საქმიანობას რეალური წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების დაძლევაში’’,– აცხადებს ზურაბ ნაბახტეველი.