როგორია ტურისტების მიერ ხარჯვის სტატისტიკა
ბოლო დროს რუსეთის ტურისტული ჯგუფის მიერ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დიდი კრიტიკა მოყვა. ახალგაზრდა აქტივისტებმა თბილისში კრემლის მტრული პოლიტიკის გამტარებელი პროპაგანდისტების ვიზიტი დაგმეს. თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საპროტესტო აქცია ტურიზმის სექტორზე შეტევად აღიქვა. სოციალურ მედიაში გაჩნდა მოსაზრებები, რომ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ყველაზე დიდი წილი რუს ტურისტებზე მოდის და ამიტომ საპროტესო აქციის ფორმა მიუღებლად მიიჩნიეს.
ტურისტული სეზონის ფაქტები ასეთია:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები. ვიზიტზე საშუალო ხარჯვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აშშ-ს (3 813 ლარი), რომელსაც მოსდევს საუდის არაბეთი – 3 632 ლარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები – 2 453 ლარი, გაერთიანებული სამეფო – 2 438 ლარი, ჩეხეთი – 2 142 ლარი, საფრანგეთი – 2 101 ლარი და სხვა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების დანახარჯი საშუალოდ 1 282 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობის ზრდას, პანდემიამდე პერიოდში განსაკუთრებული ზრდის ნაკადები შეინიშნებოდა ევროპის ქვეყნებიდან. ტურისტული ნაკადი გაიზარდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, საუდის არაბეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან. რუსეთიდან ტურისტების რიცხვი 2017-2019 წლებში მართლაც ზრდადი იყო, თუმცა 2019 წლის შემოდგომაზე შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.