ულამაზესი ისტორიული ძეგლები თელავში, რომელიც უნდა ნახოთ
თელავი გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს, რომლებიც მრავალი საინტერესო ისტორიისა და გმირობის მომსწრენი არიან.
განსაკუთრებით ცნობილია იყალთოს მონასტერი, სადაც არსენ იყალთოელს იყალთოს აკადემია დაუარსებია. იგი XI-XII საუკუნეებში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ასევე უმნიშვნელოვანესი ძეგლებია ძველი და ახალი შუამთა, ვანთის სასახლის კომპლექსი, კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა.
თელავის ისტორიული მუზეუმი და მეფის სასახლე
„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.
მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები.
,,ბატონის ციხედ” ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გალავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს. მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს.
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
წინანდალი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II–ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში.
წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი.
წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის – ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.
წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, პარკი 18 ჰექტარს იკავებს.
ახალი შუამთა
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე.
მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
იყალთოს მონასტერი
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება”. სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი.