თელავში არქეოლოგიური სამუშაოები იწყება
თელავში, ე.წ. დაბახნებისა და “კვირიკე დიდის” ციხის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური სამუშაოები იწყება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37000 ლარი გამოიყოფა.
„ვგეგმავთ სამუშაოების წარმოებას დაბახნების ტერიტორიაზე, სადაც გასულ წელს ჩატარებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩნდა გალავნის და კოშკის ნაშთები, რომელიც ვრცლად მიუყვება ბორცვის რელიეფს.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სატახტო ქალაქში, გარდა იმ ცნობილი ოთხი ციხისა, საქმე გვაქვს აქამდე უცნობ მეხუთე ციხის ნაშთებთან, რომელიც კავშირში უნდა იყოს ჩვენს მიერ, გასულ წლებში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გამოვლენილ გვირაბთან და მის ზემოთ არსებულ გალავანთან.
ეს რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეა, რაც თავის მხრივ ყურადღებას იქცევს, როგორც სამეცნიერო საზოგადოებაში, ასევე სამომავლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება ასევე იგეგმება ძველი გალავნის „კვირიკე დიდის” ციხის ტერიტორიაზეც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. ამ ტერიტორიაზე გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ჩატარდა სამუშაოები, თუმცა მას შემდეგ ტერიტორიის შესწავლა არ მომხდარა.
დღესდღეობით, მიწის ფენის და სამშენებლო ნარჩენების ქვეშ იმალება კვირიკეს სასახლის და ციხის შემადგენელი ნაგებობების ნაშთები აუცილებლად საჭიროებს გამომზეურებას და შესწავლას. მათ შორის კვლევით საქმიანობას მოითხოვს კვირიკეს კარის ეკლესიაც.
თელავის დასავლეთ მონაკვეთში ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოები ემსახურება ქალაქის ისტორიის შესწავლას, უცნობი ისტორიული მონაკვეთების გარკვევას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, რაც სატახტო ქალაქის ისტორიულ – კულტურული მემკვიდრეობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია“,- განაცხადა ვახტანგ გაგნიძემ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი