უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მყოფი ბავშვების ბედი 6 თვის შემდეგ გადაწყდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ და სოციალური მომსახურების სააგენტომ „კახეთის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მონიტორინგი დაიწყეს. მცირეწლოვანი ბავშვების დედას მდგომარეობის გამოსასწორებლად 6 თვიანი ვადა მიეცა. თუ ამ პერიოდში ოჯახი ბავშვების განათლების, ჰიგიენისა და საკებზე წვდომის შესაძლებლობებს არ გააუმჯობესებს, 5 მცირეწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩაერთვება.
საინფორმაციო პორტალ knews.ge-ზე გუშინ გამოქვეყნებულ მასალას, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ დაუცველ ბავშვებზე სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან სწრაფი რეაგირება მოყვა.
აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ბავშვების დედა სახელმწიფოსგან ყოველთვიურად სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს, რომელიც დაახლოვებით 1200 ლარია, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებისათვის გამოყოფილი თანხა ბავშვებს არ ხმარდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელის თეიმურაზ ზავრაშვილის განცახდებით, რომ მეოთხე წელია აღნიშნული ოჯახი სოციალურ შემწეობას იღებს. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახი 750 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას, შშმ პირი ბავშვის 200 ლარიან და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებას იღებს, თუმცა იმის გამო, რომ მიღებული თანხა სწორად არ იხარჯება, ბავშვები მძიმე სოციალური პირობების წინაშე დგანან.
მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინიციატივით, საკითხის გადასაჭრელად სპეციალური შეხვედრა შედგა. სოციალური სამსახურის უფროსი, მერიის წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი ბავშვების დედას შეხვდნენ. არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლოდ განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრეს.
„დღეისთვის მოქალაქე ნ. ზ. 750 ლარის ოდენობით სოციალურ შემწეობას იღებს, რომელსაც ყოველთვიურად ემატება შშმ პირის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება 200 ლარი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გამოყოფილი სუბსიდია 200 ლარი. ანუ, ყოველთვე 1200 ლარზე მეტს იღებენ. ჩვენ ასევე გვინდოდა კვების ვაუჩერი მიგვეცა მათთვის და ამ პროგრამაში ჩაგვერთო, თუმცა ბავშვების დედამ უარი განაცხადა და გვითხრა, რომ მათ საკვები არ უჭირთ. გარდა ამისა, ერთჯერადად დავეხმარეთ 600 ლარის ოდენობით და ვუყიდეთ ავეჯი და პროდუქტები.
22 თებერვალს იყო მათთან სოც. მუშაკი და გვინდოდა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მცირეწლოვანი ბიჭუნას ჩართვა პროგრამაში. ბავშვი სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს. თუმცა პროგრამაში ჩართვა ვერ მოხერხდა, რადგან მშობელმა ვერ მოიტანა შესაბამისი საბუთები. ეს საკითხი დღეისთვის ნაწილობრივ მოგვარებულია და ამ ბავშვზე სკოლის პრობლემა მოიხსნება. გარდა ამისა, ოჯახში არიან ტყუპები, რომლებიც უნდა დადიოდნენ სკოლაში, თუმცა არ დადიან. ჩვენი ინფორმაციით, მათ მარტის თვემდე იარეს სკოლაში და მას მერე გამოვიდნენ. ამ ბავშვების აღზრდას დიდ დროს უთმობს უფროსი და, რომელიც სრულწლოვანია, თუმცა ისე ვერ იმორჩილებს ბავშვებს როგორც დედამისი. დედის მეტი ყურადღებაა საჭირო, ეს აკლია ამ ოჯახს’’,– განუცხადა Knews.ge-ს თეიმურაზ ზავრაშვილმა.
სოციალური მომსახურების სააგენტო დღეიდან ყოველთვიურ მონიტორინგს იწყებს და ოჯახის მდგომარეობას სისტემატურად შეამოწმებს. თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების მდგომარეობა მშობლის დახმარებით არ გამოსწორდა, ისინი იძულებული გახდებიან ბავშვები მინდობითი აღზრდის პროგრამაში ჩართონ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი აღნიშნავს, რომ მერია აღნიშნულ ოჯახს სისტემატურად ეხმარება. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამიდან ოჯახი ყოველთვიურად იღებს ორას ლარს.
,,ბავშვებს ჰყავთ დედა და მამა, რომელთაც პირადად ვესაუბრე. შევთავაზე ბავშვების ქირით გაყვანა სხვა სახლში უკეთესი პირობებით, რაზეც მივიღე უარი. დედა, ასევე უარს აცხადებს ბავშვების მინდობით აღზრდაზე. ამის შემდეგ შევუთანხმდი სოფლის დეპუტატს, რომელიც საკუთარი კვების ობიექტიდან პერიოდულად აწვდით საკვებს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ, დროდადრო ვსტუმრობთ აღნიშნულ ოჯახს და საკვები პროდუქტებით და საჭირო ნივთებით ვეხმარებით, იქნება ეს ტანსაცმელი, თუ შეშა, ასევე პირველადი მოხმარების ნივთები.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბავშვების უკეთ ცხოვრებისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს მოვალეობაში შედის. ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად შევხვდით ოჯახის დიასახლისს ვიმსჯელეთ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი და სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მათ დასახმარებლად’’,- განუცხადა Knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის სააგენტო საკითხის შესწავლის მიზნით მონიტორინგს რეგულარულად განახორციელებს.
,, დღეიდან ჩვენ ამ ოჯახს მონიტორინგს ყოველთვიურად განვახორციელებთ და 6 თვის განმავლობაში თუ არ შეცვალა მშობლის დამოკიდებულება ოჯახის მიმართ და ჰიგიენა არ დაიცვა ბავშვების მოვლისას, მივმართავთ სხვა ზომებს. ჩვენ შეგვიძლია დღესვე გავაკეთოთ განაცხადი, გავიტანოთ საბჭოზე და ბავშვები გადავიყვანოთ დროებითი აღზრდის სისტემაზე, მაგრამ სახელმწიფოს მიზანი არ არის დედისთვის შვილების წართმევა, გვინდა მივცეთ მას საშუალება მოაგვაროს პრობლემები. შეიძლება ის თანხა, რასაც იღებს ოჯახი მცირეა, მაგრამ უკეთესად შეიძლებოდა ცხოვრება ბავშვებს რომ არ ეკლდეთ მშობლის მზრუნველობა.
რაც შეეხება სახლს, ფანჯრები და კარებები არ აქვს და ცუდ მდგომარეობაშია. გასულ წლებში პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა და იმიტომ არის ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი მერიასთან და ახლაც მუშაობენ ამ საკითხზე, რომ მოხდეს დახმარება მეორადი ჭერით და სამშენებლო მასალით მაინც.
ჭერია აუცილებლად შესაცვლელი და გვქონდა ჩვენ საუბარი დახმარებასთან დაკავშირებით იმ პირებთან რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან, რომ ორი მანქანა ქვა მაინც მივიტანოთ და მოვაწესრიგოთ სახლი და ეზო. მათ გამოთქვეს დახმარების სურვილი და ამ საკითხს მოკლე ხანში გადავწყვეტთ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მშობელმა მიხედოს ბავშვებს და ისე დახარჯოს ფული, რომ ეყოთ კვებაში მაინც.’’
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო პორტალ knews.ge-ზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ჩანს რამდენად მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება 5 არასრულწლოვან ბავშვს, რომლებიც განათლებას ვერ იღებენ, არ აქვთ საკვები და გაუსაძლისი ანტისანიტარიის პირობებში ცხოვრობენ.