როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კახეთში
კახეთის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკას“ პრეპარატით თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყო და სხვადასხვა დაწესებულებებში გაგრძელდა.
ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსების გარდა ვაქცინაციაში ჩართვას 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაზე მოთხოვნა მაღალია.
მედიკოსების გარდა სხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინაციის შესაძლებლობის მიცემის პარალელურად, მოქალაქეებს, ვისაც აცრის სურვილი აქვთ, გარკვეული სახის პრობლემები ექმნებათ.
თელავში მცხოვრები მარტოხელა მოხუცი, ნაირა ქართლელიშვილი ( სახელი შეცვლილია ინტერვიუერის მოთხოვნით) აცხადებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს აიცრას, თუმცა არ აქვს ინფორმაცია როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა შესაბამის სამსახურებს.
მისი თქმით, მას არც სმარტფონი და არც ინტერნეტი აქვს, რომ ვაქცინის მისაღებად ონლაინ რეგისტრაცია გაიაროს.
,,მარტოხელა ვარ, არავინ მყავს, ჩემი შვილები უცხოეთში სამუშაოდ არიან წასულები. მოხუცი ვარ და მეშინია კორონავირუსი არ შემხვდეს. ამიტომ მინდა, რომ ვაქცინაციაში მივიღო მონაწილეობა და ავიცრა, თუმცა ამისთვის ვის უნდა მივაკითხო არ ვიცი. არც კომპიუტერი მაქვს და არც ინტერნეტი”,- განუცხადა მან knews.ge-ს.
ნაირა ქართლელიშვილისგან განსხვავებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვა ადგილობრივებს.
,,არ ავიცრები რადგან ეგ წამალი კორონას შველის, მაგრამ თანმდევ დაავადებებს ვნებს. ახლა ისეთი ცხოვრებაა ჯანმრთელი არავინ არის. ზოგს რა აწუხებს და ზოგს რა. აცრას აზრი არ აქვს’’,- აცხადებს knews.ge-თან საუბრისას დემურ დემურიშვილი.
,,ექიმები რაკი იცრებიან და ჩვენც ავიცრებით. ისინი მაგალითს გვიჩვენებენ. მე ვფიქრობ გამოკვლევა ჩავიტარო და შემდეგ ავიცრა’’,- აცხადებს თელავში მცხოვრები ცეზარი ქართლელიშვილი და ვაქცინაციაში ჩართვისკენ სხვა ადგილობრივებსაც მოუწოდებს.
განათლებით ბიოლოგი, ნანა გარჯიკაული აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ვაქცინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიომ ვაქცინის გარეშე ვერცერთი დაავადება ვერ დაამარცხა.
,,განათლებით ბიოლოგი ვარ და კარგად ვიცი ვაქცინაციის ისტორია. ამით ხდება დაავადების გავრცელების პრევენცია. გართულებები კი ნებისმიერ წამალს ახასიათებს. თავიდანვე უნდა გაითვალოს რისკები წინასწარ, რომ ნაკლები ზიანი მოგვაყენოს. ამის გარეშე მსოფლიომ ვერც ვირუსული, ვერც ბაქტერიული ვირუსი ვერ დაამარცხა. როცა საშუალება მექნება ავიცრები.’’
ექიმი შოთა რაინაული აცხადებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ქუჩაში ყოველდღიურად ცოტა ადამიანი იცავს იმ დაწესებულ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს, რომელიც მათ ვირუსით ინფიცირებისგან დაიცავთ.
,,ამ ვირუსთან ბრძოლის ორი იარაღი გვაქვს, პირბადე და ვაქცინა. ქუჩაში დადის ხალხი და აღარ უკეთიათ პირბადე. სხვა შანსი არ გავქვს, აქ ჩვენს მოწონება არ მოწონებაზე არ არის საუბარი. მე ვარ 65 წელზე ზევით და რომ არ ვიყო მედიკოსი, გამიხარდებოდა რომ უკვე შემეხო ვაქცინაცია. ვაქცინის გაკეთება თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა’’,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას შოთა რაინაული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგიონში 1900 ერთეული ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვიდა, რომელიც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში მხოლოდ ერთი დასახელების ვაქცინით არის აცრა შესაძლებელი.
,,ვაქცინაცია კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე სამ დაწესებულებაში არის შესაძლებელი. ესენია: თელავის რეფერალური საავადმყოფო, გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალის’’ და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკა. ამ კლინიკებში არის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა აიცრას. გარდა ამისა, სხვა ადამიანებიც ვისაც თანმდევი დაავადებები აქვთ ითხოვენ აცრას, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ესეც იქნება შესაძლებელი. ასევე დაგეგმილია, რომ გაფართოვდეს ამცრელი დაწესებულებების ქსელი და კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში იქნება ამცრელი კაბინეტები, რომელიც არის სტაციონარებში მოწყობილი და მოწესრიგებულია ყველა მოთხოვნის შესაბამისად. ჩემს მიერ ჩატარდა უკვე მონიტორინგი და შემდეგაც ჩატარდება. ეს დაწესებულებები მზად არიან ამ პროცესის დასაწყებად. კახეთში მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინაა’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, მარტოხელა მოხუცებმა, ვისაც სურთ ვაქცინის გაკეთება, დახმარება შესაძლოა მეზობლებს და უბნის ექიმებს სთხოვონ ან ამცრელ დაწესებულებას მიმართოს.
,,ასაცრელად მოქალაქის დატრეგისტრირება სხვა პირის ან ორგანიზაციის დახმარებით არის შესაძლებელი. ჩვენ ვთხოვთ მოხუცების და 55 წელს ზემოთ მოქალაქეების ოჯახის წევრებს, რომ რეგისტრაციაში დაეხმარონ მათ. ასევე შესაძლებელია ექიმები დაეხმარონ. მათ შეუძლიათ მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში, იქვე დაარეგისტრირებენ და აცრიან.
გარდა ამისა, შექმნილია ცხელი ხაზი იმუნიზაციასთან დაკავშირებით- 15 22. ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ვაქცინაცია. უნდა შეიქმნას მოსახლეობის 60%-ის კოლექტიური იმუნიტეტი, მათი, ვისაც აქვს გადატანილი კორონავირუსი ან აცრილია და აქვს ანტისხეულები. ამ ეტაპზე რეგიონში 200-მდე ადამიანია აცრილი’’,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.