ფასების ზრდა ყველაზე მეტად ფარმაცევტულ სექტორში იგრძნობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ფასების ზრდა ყველაზე მეტად ფარმაცევტულ სექტორში იგრძნობა, მაგრამ ეს სამინისტროს დონეზე ვერ გადაწყდება.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მარტში ინფლაცია 7.2%-მდე გაიზარდა, რაც 2019 წლის შემდგომ ინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. სხვა ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 13.6%-ით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0%) ქვეჯგუფებზე.
„ფასების ნამატი ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო იყო ფარმაცევტულ ნაწარმზე, რაც ძალიან პრობლემურია. ჩვენ მოგვიწია ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაში ფასების რევიზია და მომატება, რათა პრობლემა არ შექმნილიყო. რაც შეეხება აპარატურას და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატებას, ეს პრობლემაც მოიტანა ჩვენამდე ჯანდაცვის სექტორმა და მიდის მუშაობა იქ, სადაც არ ხდება ფაქტიური დანახარჯის ანაზღაურება.
კოვიდის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება ხდება ფაქტიური ხარჯით და პროგრამა ანაზღაურებს იმ ფასით, რაც ბაზარზე შეინიშნება. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ტარიფიკაცია არის ის პროცესი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და მცირე დრო დასჭირდება. ეს ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენთვის, რადგან ეფექტიანობის გაუმჯობესების გარეშე გაგვიჭირდება, რომ ასეთ მზარდ მატებას ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდეს.
ამაზე მიდის მუშაობა, მიმდინარე პროცესია და არ უნდა დავუშვათ, რომ ხელმისაწვდომობა გაუარესდეს. წამალზე ფასის მატება ძალიან საყურადღებო ნიშანია, რაც საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ. მხოლოდ ჩვენს დონეზე ამის მოგვარება ვერაფრით მოხდება“– განაცხადა გაბუნიამ.