ახალი ამბები

იაპონიის საელჩომ თელავს რეანომობილი გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ ოთხი ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა.

ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილები თელავში, ოზურგეთში, ამბროლაურსა და ზუგდიდში გადანაწილდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინგორმაციით, მსგავსი ტიპის სამედიცინო ტრანსპორტი ამ დრომდე ქალაქს არ ჰყავდა.

,,იაპონიის საელჩომ საჩუქრად გადმოგვცა თანამედროვე სტანდარტების რეანომობილი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამედიცინო ტრანსპორტი ამ დრომდე არ გვყავდა. რეანომიბილი მაქსიმალურად უსაფრთხოდ უზრუნველყოფს მძიმე პაციენტების დედაქალაქში ტრანსპორტირებას. დიდ მადლობას ვუხდით იაპონელ ხალხს გულისხმიერებისთვის”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თელავის რაიონული ფილიალის ხელმძღვანელის მიხეილ პაპოშვილის თქმით, რეანომობილის დახმარებით მოიხსნება პაციენტების დედაქალაქში დროული გადაყვანის პრობლემა.

,,უაღრესად მნიშვნელოვანია იაპონელი ხალხის საჩუქარი, ვინაიდან ძალიან რთული იყო მძიმე პაციენტების თბილისში გადაყვანა. ახალი თანამედროვე რეანომობილი რამდენიმე დღეა გავიდა ქსელში და მოიხსნა როგორც პაციენტების დედაქალაქში დროული გადაყვანის პრობლემა, ასევე უფრო უსაფრთხო გახდა მათი ტრანსპორტირება”,- განაცხადა მიხეილ პაპოშვილმა.

ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს.