ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საწვავის ფასის ზრდაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწვავის ფასის ზრდაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საწვავთან მიმართებით ბაზარზე არსებული კონკურენცია არის იმის გარანტია, რომ ფასები ძალიან სწრაფად არ გაიზრდება.
„ ბენზინის ფასები დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლოს რასაც ვუყურებთ, არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. პირველ რიგში რაც გაკეთებულია, ეს არის საკმაოდ დიდი კონკურენცია, რაც ბაზარზე არის და კონკურენცია არის იმის გარანტია, რომ ფასები ძალიან სწრაფად არ გაიზრდება, რადგან ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდას ვერაფერს უპირისპირებენ და ერთადერთი ბერკეტი, რამაც შეიძლება საწვავზე ფასების შემცირება გამოიწვიოს, ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებაა.
საწვავის ფასი საქართველოში თითქმის ყოველ კვირას იზრდება. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება და დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსია.