ახალი ამბები

თელავში 14 წლის გოგოზე სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ გაასაჩივრა

აქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში ა.ნ.-მ წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. უწყებაში განმარტავენ, რომ აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ასევე 12 მარტს ი.უ. დააკავეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.
ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი.უ.-ს 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
პროკურატურა არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ა.ნ.-სთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში, მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს”,-აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.