თელავის ერთ–ერთი უძველესი უბნის “დაბახნების” ისტორია
,,დაბანხების” უძველესი უბანი, თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. იგი ზუზუმბოს გორის განშტოებაა და ემიჯნება „გორიჯვარს“.
ისტორიკოსების თქმით, სახელი „დაბახანა“ მომდინარეობს სიტყვა „დაბაღი“-დან, რაც ტყავის გამომყვანს ნიშნავს. სწორედ აქ, ამ უბანში ცხოვრობდნენ ტყავის გამომყვანი ოსტატები (დაბაღები).
მათივე თქმით, აქვეა დაბახნების ცივი, ბუნებრივი წყარო, რომელიც ზუზუმბოს გორიდან მოედინება და მას ადგილობრივი მოსახლეობა „დაბახნების“ და „განჯელების წყაროს’’ სახელებით იხსენიებენ. ისტორიული წყაროები კი მას ,,მაწანწარის წყაროს’’ სახელითაც მოიხსენიებდნენ.
,,ექვთიმე თაყაიშვილი წერდა, რომ – ,,ქვემოთ ძველი ქალაქისა არის კიდევ წყარო, რომელსაც მაწანწარის წყარო ჰქვიან. ,,მაწანწარის” იმიტომ, რომ ეს ადგილი ადრიდანვე ამ ტოპონიმს ატარებდა. როგორც ჩანს ,,დაბახნებს’’, სახელი უფრო გვიან დაერქვა. კერძოდ კი მაშინ, როდესაც აქ გაჩნდა ტყავის დამამუშავებელი პირველი სახელოსნოები, დაბაღები დასახლდნენ და აქვე მუშაობდნენ.
რაც შეეხება ,,განჯელებს’’, ალბათ, იმის გამო რომ „ძველ გალავანში“, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს გაუდაბურებულ ადგილს წარმოადგენდა, ერეკლე II-მ ყარაბაღიდან და განჯიდან (ელიზავეტოპოლიდან) საცხოვრებლად მიიღო 60-მდე სომხური ოჯახი. თელავში დასახლების შემდეგ მათ ხელი მიჰყვეს ხელოსნობასა და ვაჭრობას. სწორედ განჯიდან გადმოსახლებულთა სახელის მიხედვით, „დაბახნების“ წყარომ მეორე სახელად „განჯელების“ მიიღო”,- განაცხადა ისტორიკოსმა თენგიზ სიმაშვილმა.
წყარო: ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილის კვლევებიდან.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური