ახალი ამბები

“მანიკო” – გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდას სტარტაპი და საბავშვო ბრენდი

გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდა მარიამ ბაცაშვილმა საბავშვო ბრენდი ,,მანიკო” შექმნა და ბავშვის ტანსაცმელების კერვა დაიწყო. მარიამი ამბობს, რომ იდეა და აღნიშნული საქმიანობის დაწყების საჭიროება მაშინ გაჩდა, როცა დედა გახდა.

მარიამის თქმით, ის სთავაზობს 12 თვიდან 4 წლამდე ბავშვების მშობლებს ნატურალური ქსოვილით დამზადებულ სამოსს. მისი განმარტებით, აღნიშნული საქმე ბევრ შრომას მოითხოვს, თუმცა ის წარმატებით უთავსებს ერთმანეთს 6 თვის შვილის გაზრდასა და საყვარელ საქმიანობას.

 

,,საბავშვო სამოსის ბრენდის შექმნის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც დედა გავხდი. ვეძებდი ქართულ ბაზარზე ისეთი სტილის ტანსაცმელს, რომელიც არ იქნებოდა ზედმეტად გაფორმებული და გადატვირთული. როცა მეგობრის შვილისათვის მინდოდა საჩუქარი, ყოველთვის მიჭირდა ქართული წარმოების ტანსაცმლის ნახვა, რომელიც შემომთავაზებდა ასეთ მინიმალისტურ სტილს.

მას შემდეგ კი, რაც დედა გავხდი, გადავწყვიტე თავად შემექმნა ასეთი ტანსაცმელი. ყველაფერი დაიწყო 2021 წლის დასაწყისში. მცირე ბიუჯეტით შევიძინე მაღალი ხარისხის ქსოვილები და შევუდექით საქმეს, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, აღსანიშნავია ისიც რომ ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია, რადგან მყავს შვილი. იგი ახლახანს გახდა 6 თვის და ცოტა რთულია ახალბედა დედისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება. ბრენდს სწორედ ჩემი შვილის სახელი ქვია”,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ ბაცაშვილმა.

ახალგაზრდა განმარტავს, რომ სამოსის დიზაინსა და ადმინისტრაციულ საკითხებზე თავად მუშაობს. რაც შეეხება კერვას, ამაზე ზრუნავს მისი მკერავი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება.

,,ჩვენთვის სამოსის დიზაინზე მუშაობისას უმთავრესია შევქმნათ, მინიმალისტური დიზაინითა და მაღალი ხარისხის ნატურალური ქსოვილით, კომფორტული სამოსი, რაც ბავშვისა და დედის კომფორტის გარანტიას გვაძლევს”,- აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას მარიამმა.

მარიამი ასევე აღნიშნავს, რომ შეკერილი ტანსაცმლის რეალიზებას ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ახდენს. იგი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა საქმიანობა ახალი დაწყებული აქვს, მის პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

,,ტანსაცმლის რეალიზაცია ხდება ონლაინ პლატფორმების- ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით, ხოლო შენაძენს საქართველოს მასშტაბით უფასოდ ვაწვდით მომხმარებელს. მას არ უწევს სახლიდან გასვლა, საცობებსა და რიგებში ლოდინი, რაც ბევრ დროს აკარგვინებს ადამიანს. განსაკუთრებით რთულია, როცა გყავს მცირეწლოვანი შვილი.

მე ამჟამად ვარ კახეთში, გურჯაანში და გაყიდვებს ვაწარმოებ აქედან. გურჯაანში საბავშვო ტანსაცმლის ყიდვა, სასაჩუქრედ რთული იყო. როცა უკვე დედა გავხდი, დავრწმუნდი, რომ აქ ადგილზე ბავშვისთვის ხარისხიანი და გემოვნებიანი სამოსის შერჩევა იყო ურთულესი. ახლა კი ჩვენი დახმარებით, ბავშვისთვის გემოვნებიანი, ხარისხიანი და კომფორტული სამოსის შეძენა არის შესაძლებელი, რომელსაც სწრაფად და უფასოდ მივაწვდით საკურიერო მომსახურების საფასურის გარეშე.
მასალას ჯერჯერობით თბილისში ვყიდულობთ.

მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მქონდა მოლოდინი, რომ საზოგადოებაში გამოიწვევდა ეს სტილი დიდ მოწონებას და ბაზარზე დაიმკვიდრებდა ადგილს. ჯერ ახალი ბრენდი ვართ და ცოტა რთულია ამაზე საუბარი, თუმცა, მე მჯერა, რომ ერთ-ერთი ღირსეული ბრენდი იქნება “მანიკო”, რომელიც უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიმპათიასა და სიყვარულს მოიპოვებს”,- განაცხადა მარიამ ბაცაშვილმა.

ახალგაზრდა სამომავლოდ დიდი ასაკის ბავშვებისთვის და გოგონების გარდა ბიჭების ტანსაცმლის შეკერვას გეგმავს.