კახეთში წარმოებულმა ღვინოებმა იაპონიაში ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს
სხვადასხვა დასახელების კახურმა ღვინოებმა , პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.
საერთაშორისო კონკურსი “Sakura Award” მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
“აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. წელს საკონკურსო ღვინოები 186-მა იაპონელმა ქალბატონმა შეაფასა. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს 2014 წლიდან ახორციელებს”,-აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში
2021 წლის „საკურას“ კონკურსზე მედლები მიიღეს შემდეგი კომპანიების ღვინოებმა: GWS Winery მეღვინეობა ჯივიესი 4 ოქრო, Château Mukhrani შატო მუხრანი 3 ოქრო, KindzmarauliCorporation Winery 2 ოქრო, Mtevino მტევინო 2 ოქრო, Schuchmann Wines- შუხმანის ღვინოები 1 ოქრო, Vaziani Company 1 ოქრო, Pavilion wines 1 ვერცხლი.
2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში, სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული.
მარიამ ოქროცვარიძე